ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებული სოციალური ქსელი, Truth Social-ი კოლოსალურ ზარალზეა და, შეიძლება ითქვას, რომ კომპანია გაკოტრების პირასაა.
გაშვებიდან დღემდე სოციალურმა ქსელმა 73 მილიონი დოლარის ზარალის დაგროვება შეძლო და შემოსავლების კუთხით მას შემცირების ტენდენცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ფინანსურად არამდგრადია და ის მისი დამფუძნებლის, დონალდ ტრამპის ფულს ჭამს.
ცოტა ხნის წინ, Truth Social-ის ხელმძღვანელებმა და ინჟინრებმა თანამდებობები დატოვეს, რაც იმ ფაქტით იყო განპირობებული, რომ პროექტი დასახულ მიზნებს ვერ აღწევს და ისინი დაპირებულ ბონუსებს ვერ იღებენ.
პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი სოციალური ქსელის დაფუძნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ის სხვა სოციალური პლატფორმებიდან, მათ შორის, Twitter-დან, Facebook-დან და Google-დან გააძევეს. ტექნოლოგიური გიგანტების ცენზურის მსხვერპლი ტრამპი მას შემდეგ გახდა, რაც მან კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის დღეს ამომრჩევლებს ძალადობისაკენ მოუწოდა.
მას შემდეგ, ტრამპმა სიტყვის თავისუფლების დასაცავად საკუთარი სოციალური ქსელი შექმნა, რომელსაც დღეს ფაქტობრივად არავინ იყენებს.