ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის, Truth Social-ის აქციების საფონდო ბირჟაზე დაილისტება. დონალდ ტრამპის კომპანიის ტიკერი DJT, ანუ დონალდ ჯეი ტრამპი იქნება და მოსალოდნელია, რომ ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობის დაწყებას ინვესტორები მიმდინარე კვირიდან შეძლებენ. საფონდო ბირჟაზე აქციების დასალისტად, Truth Social-ი SPAC-კომპანია Digital World Acquisition Corporation-ს შეერწყა, რაც მიღებული პრაქტიკაა, როცა კომპანიას აქციების განთავსება შედარებით სწრაფად და მარტივად სურს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შერწყმაზე კომპანიები ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში შეთანხმდნენ, მაგრამ მოგვიანებით, გარიგების დეტალებს მარეგულირებელი სწავლობდა. დონალდ ტრამპი, მოგეხსენებათ, ერთობლივი საწარმოს 80 მილიონი აქციის მფლობელია და მისი წილი, ამ დროისთვის, $3 მილიარდადაა შეფასებული. თავდაპირველი შეთანხმების თანახმად, მას შემდეგ, რაც კომპანიის IPO შედგება, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი აქციების გაყიდვას ექვსი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს, მაგრამ გამორიცხული არაა, ყოფილ პრეზიდენტს ეს ვალდებულება მოხსნილი ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის მთავარი კონკურენტი იქნება, რამდენიმე მიმდინარე სასამართლო დავაში არის ჩართული. მიმდინარე წლის თებერვალში, თაღლითობის ბრალდებით, დონალდ ტრამპს $450 მილიონის გადახდა დაეკისრა.