მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპის Truth Social-ი $327.6-მილიონიან ზარალზე მუშაობს

Truth Social

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სოციალურმა ქსელმა, Truth Social-მა 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, კომპანიაში არსებული მდგომარეობა, მარტივად რომ ვთქვათ, საგანგაშოა. საქმე ისაა, რომ სამთვიან პერიოდში, დონალდ ტრამპის ტექნოლოგიურმა კომპანიამ შემოსავლის სახით სულ რაღაც $770,500 მიიღო, როცა კომპანიის მიერ დაფიქსირებულმა წაგებამ $327.6 მილიონი შეადგინა.

აღნიშნულ სიახლეს ინვესტორები ნეგატიურად შეხვდნენ, ხოლო კომპანიის აქციები წინასავაჭრო პერიოდში თითქმის 5%-ით გაუფასურდა. ერთკვირიან პერიოდში, დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის აქციები თითქმის 9%-ითაა გაუფასურებული, ხოლო NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე დალისტვის შემდეგ, კომპანიამ საკუთარი ღირებულების მეოთხედზე მეტი, ანუ თითქმის 27% დაკარგა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ტექნოლოგიური კომპანიის არადამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგები განპირობებულია, როგორც Truth Social-ის ფინანსური გაუმართაობით, ასევე თავად ამ აქციის ბუნებით. Truth Social-ს და შესაბამისად Trump Media & Technology Group-ს, რომლის სახელითაც ივაჭრება ეს კომპანია საფონდო ბირჟაზე ე.წ. “მიმი აქციის” სტატუსი აქვს, რადგან ნიშნავს, რომ მისი ვოლატილობა - ძალიან მაღალია, ფუნდამენტური რეპუტაცია კი, არც ისე. ასეთი ტიპის აქციებს კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს - ისინი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების მიმართ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით.

ისმის კითხვა - რატომ შექმნა დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელი? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, 2021 წელს უნდა დავბრუნდეთ, როცა დონალდ ტრამპის მიერ სოციალური მედიის საშუალებით მხარდაჭერილი რადიკალი რესპუბლიკელების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. მას შემდეგ, Facebook-მა, Twitter-მა და YouTube-მა დონალდ ტრამპს ანგარიშები დაუბლოკეს, ანუ ადამიანი, რომელიც პრეზიდენტად, სწორედ სოციალური მედიის დამსახურებით აირჩიეს, ინფორმაციის გავრცელების მთავარი წყაროს გარეშე დარჩა. საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა გადაწყვიტა, რომლის მიზანი "ტექნოლოგიური გიგანტების ტირანიის” დასრულება და სიმართლის დაუფარავად გაჟღერება უნდა ყოფილიყო. თუმცა მოხდა ისე, რომ სოციალურმა ქსელებმა ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშები აღადგინეს, ანუ ტრამპის პლატფორმამ, გარკვეულწილად, აზრი დაკარგა და მისი მხარდამჭერების ციფრული შეკრების ადგილად იქცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები