მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპის სოციალურმა ქსელმა შარშან $400 მილიონით იზარალა

Truth Social

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის, Truth Social-ის მფლობელმა ჰოლდინგურმა კომპანიამ 2024 წლის ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა.

გასულ წელს, Trump Media & Technology Group-ის შემოსავალმა 12%-ით იკლო $3.6 მილიონი შეადგინა, როცა წაგებამ 588%-ით იმატა და $400.9 მილიონი შეადგინა. კომპანიის არადამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგები განპირობებულია, როგორც Truth Social-ის ფინანსური გაუმართაობით, ასევე თავად ამ ქსელის ბუნებით, რომელსაც, დიდწილად, მხოლოდ დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები იყენებენ.

საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა დონალდ ტრამპმა 2021 წელს გადაწყვიტა, როცა რადიკალი რესპუბლიკელების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. მას შემდეგ, Facebook-მა, Twitter-მა და YouTube-მა დონალდ ტრამპს ანგარიშები დაუბლოკეს, ანუ ადამიანი, რომელიც პრეზიდენტად, სწორედ სოციალური მედიის დამსახურებით აირჩიეს, ინფორმაციის გავრცელების მთავარი წყაროს გარეშე დარჩა და Truth Social-ი შექმნა, რომლის მიზანი "ტექნოლოგიური გიგანტების ტირანიის” დასრულება და სიმართლის დაუფარავად გაჟღერება იყო.

მოგვიანებით, სოციალურმა ქსელებმა ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშები აღადგინეს, ანუ ტრამპის პლატფორმამ, გარკვეულწილად, აზრი დაკარგა და მისი მხარდამჭერების ციფრული შეკრების ადგილად იქცა. დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებებს ექსკლუზიურად Truth Social-ზე ავრცელებს, სადაც მას 8.9 მილიონი გამომწერი ჰყავს. ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ზე დონალდ ტრამპის ანგარიში მეტად პოპულარულია, რადგან იქ პრეზიდენტს 100.9 მილიონი გამომწერი ჰყავს. ეს დეტალი Truth Social-ის და X-ის სხვა განსხვავებებზეც მიგვითითებს.

Truth Social-is ობიექტურად ცუდ ფინანსურ შედეგებს თავად კომპანიის ბუნებაც განაპირობებს. Truth Social-ს და შესაბამისად Trump Media & Technology Group-ს, რომლის სახელითაც ივაჭრება ეს კომპანია საფონდო ბირჟაზე ე.წ. “მიმი აქციის” სტატუსი აქვს, რადგან ნიშნავს, რომ მისი ვოლატილობა - ძალიან მაღალია, ფუნდამენტური რეპუტაცია კი, არც ისე. ასეთი ტიპის აქციებს კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს - ისინი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების მიმართ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით. იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, კომპანიის აქციები 67%-ით გაძვირდა.

დღევანდელი მოცემულობით, დონალდ ტრამპი Truth Social-ის 52%-იან წილს ფლობს, ხოლო თავად კომპანია ინვესტორების მიერ $6.6 მილიარდადაა შეფასებული. 2022 წლის მარტში დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლის შემდეგ, Trump Media & Technology Group-ის აქციის ფასი 70%-ით შემცირდა. თავად დონალდ ტრამპის ქონებას ამერიკული Forbes-ი $5.8 მილიარდად აფასებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები