მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ვახშამზე ტექნოლოგიური გიგანტები მიიწვიეს

ტრამპი და სი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის სახელმწიფო ვახშამზე ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები მიიწვიეს.

არსებული ინფორმაციით, თეთრ სახლში დაგეგმილ მიღებას OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ოლტმენი, Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი და Qualcomm-ის პრეზიდენტი კრისტიანო ამონი დაესწრებიან. როგორც ამერიკული მედია წერს, გავლენიანი ბიზნესმენების სტუმრობა იმაზე მიუთითებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ხელოვნური ინტელექტი განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოწვეულ სტუმრებს შორის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპთან დაკავშირებით აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა ფიქსირდება. OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ოლტმენი კომპანია Anthropic-ის გენერალური დირექტორის, დარიო ამოდეის მოწოდებას ემხრობა და ტექნოლოგიური პროცესის დროებით შენელებას მხარს უჭერს. გამოცემა Fortune-თან ინტერვიუში ოლტმენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერებმა მოწინავე მოდელების შექმნისა და გამოცდის საერთო სტანდარტები უნდა დააწესონ. მისი თქმით, ამ სფეროში შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სახელმწიფოთა მეთაურები მშვიდობის დარგში ნობელის პრემიასაც დაიმსახურებენ. სრულიად საპირისპირო პოზიციას იკავებს Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, რომელმაც კაცობრიობის განადგურების შესახებ გაჟღერებულ შიშებს „ისტერიული“ უწოდა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრებზე ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებს ხშირად იწვევს. მაისში გამართული ოფიციალური ვიზიტისას, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთს 17 ბიზნესმენთან ერთად ეწვია, მასთან ერთად ჯენსენ ჰუანგი და ილონ მასკი იმყოფებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები