აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ სამეცნიერო სამიტზე ტექნოლოგიური ინდუსტრიის წამყვანი ხელმძღვანელები უმაღლესი სახელმწიფო მედლებით დააჯილდოვა.
მეცნიერების ეროვნული მედალი SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელ ილონ მასკს, Google-ის თანადამფუძნებელ სერგეი ბრინს, Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორ ჯენსენ ჰუანგსა და AMD-ს მმართველ ლიზა სუს ერგოთ.
ტექნოლოგიისა და ინოვაციების ეროვნული მედალი კი პრეზიდენტმა Dell-ის დამფუძნებელ მაიკლ დელსა და Microsoft-ის გენერალურ დირექტორ სატია ნადელას გადასცა. თეთრი სახლის პრესმდივნის თანაშემწის, ლიზ ჰიუსტონის განცხადებით, ადმინისტრაციამ ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ტექ-ინდუსტრიის ინოვატორებს ყოველთვის დაუჭერს მხარს და დააფასებს მათ წვლილს.
საყურადღებოა, რომ საპატიო მედლებით დაჯილდოებული ყველა პირი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რესპუბლიკურ ინიციატივებს ფინანსურად ეხმარებოდა. 2024 წლის საარჩევნო ციკლში პრეზიდენტის ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერი ილონ მასკი იყო. ტექნოლოგიურმა მაგნატმა კამპანიისთვის $290 მილიონზე მეტი გაიღო და მოგვიანებით ფედერალური ბიუროკრატიის შემცირების პროცესსაც ჩაუდგა სათავეში.
თავის მხრივ, რესპუბლიკურ კომიტეტს სოლიდური თანხა სერგეი ბრინმაც გადაურიცხა, Nvidia-მ კი ინაუგურაციის ფონდს $1 მილიონი შესწირა. რაც შეეხება მაიკლ დელს, ინვესტორმა მეუღლესთან ერთად ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი "ტრამპის ანგარიშებისთვის" $6.25 მილიარდი გამოყო. რესპუბლიკურ ფონდებში თანხები ჩარიცხა AMD-მაც.
აღსანიშნავია, რომ უახლესი ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის ივლისში SpaceX-ის, Tesla-ს, Nvidia-ს, Microsoft-ის, AMD-ისა და Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ის აქციებით რამდენჯერმე ივაჭრა.
























