მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო

ტრამპი და პუტინი

თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის პირველი დიპლომატის, სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბარი. როგორც ირკვევა, ტრამპის მიერ უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემაზე უარის თქმა კრემლისთვის სამშვიდობო მიმართულებით გადადგმული საკმარისი ნაბიჯი არ აღმოჩნდა. როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, რუსეთმა ძირითად საკითხებზე დათმობის მზაობა არ გამოხატა, შესაბამისად, ორი ლიდერის ბუდაპეშტში შეხვედრამ მნიშვნელობა დაკარგა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რუსეთსა და ამერიკას შორის უთანხმოების მიზეზი დონბასის საკითხიც გახდა. დონალდ ტრამპის პოზიცია, რომ ომი იქ უნდა გაიყინოს, სადაც ახლაა და კრემლს უკრაინის სამხრეთი რეგიონი სრულ მფლობელობაში არ უნდა გადაეცეს, კრემლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ცალკე საკითხია ოკუპირებული ოთხი რეგიონის აღიარება და უკრაინის დემილიტარიზაცია, რაზეც ამერიკის პოზიცია მკაფიოდ ეწინააღმდეგება რუსეთის მოთხოვნებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, თეთრი სახლის მიერ ბუდაპეშტის სამიტის გაურკვეველი ვადით გადადება შეხვედრის გაუქმებას არ ნიშნავს. პირიქით, ის მიზნად ისახავს ისეთი საფუძვლის მომზადებას, რომელიც ალასკას სამიტის მსგავს უშედეგობას არ გამოიწვევს. შეგახსენებთ, ალასკას სამიტზე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ჩატარებულმა შეხვედრამ ვერავითარი რეალური შედეგი ვერ გამოიღო. სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში მსგავსი სცენარის განმეორება კი დონალდ ტრამპს აღარ სურს.

ამჟამად მოვლენათა განვითარების ორი სცენარი განიხილება, ერთის მიხედვით, დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ პოზიციას გაამკაცრებს და კრემლის მუქარის მიუხედავად უკრაინას Tomahawk-ებს გადასცემს, რათა კრემლი საკუთარი პოზიციის სიმყარეში დაარწმუნოს და ომის წამომწყებ ქვეყანას მიახვედროს, რომ მისთვის ომის დასრულება რეალურ ინტერესში შედის. ინტერესში, რომლის არასერიოზულად აღქმაც არ შეიძლება. რაც შეეხება მეორე სცენარს, არ არის გამორიცხული, ტრამპმა რუსეთის მიმართ პოზიციები კიდევ უფრო შეარბილოს, უკრაინას კი არსებული დახმარებაც შეუზღუდოს, რათა პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მოიყვანოს.

შეგახსენებთ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პირველად ხუთშაბათს, ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი. მაშინ გაჩნდა მოლოდინი, რომ პუტინი Tomahawk-ების უკრაინისთვის გადაცემაზე უარის სანაცვლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისთვის მზად იყო. თუმცა, როგორც ირკვევა, პუტინის მიზანი არა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იარაღის არმიცემის სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ პროცესის გაჭიანურება ყოფილა.

უცნობია, როგორი იქნება თავად დონალდ ტრამპის რეაქცია, რომელსაც რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები