აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის მიერ ორთვიანი ომის დასასრულებლად წარდგენილი ახალი გეგმა არ მიიღო. როგორც ირკვევა, თეთრი სახლისთვის მიუღებელია თეირანის მოთხოვნა, რომ ბირთვული პროგრამის საკითხი კონფლიქტის დასრულებისა და საზღვაო ბლოკადის შეწყვეტის შემდეგ გაირკვეს. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ეს თემა მოლაპარაკებების საწყის ეტაპზევე უნდა განიხილონ. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ოლივია უელსმა განმარტა, რომ აშშ მედიის საშუალებით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა.
ირანული მხარის მიერ რამდენიმე დღის წინ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა კონფლიქტის ეტაპობრივად მოგვარებას ითვალისწინებდა. მისი საკვანძო პუნქტები ბირთვულ მოლაპარაკებებამდე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და შტატების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების მიღება იყო. ამას გარდა, თეირანი აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნას და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის აღდგენას მოითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა გასულ უქმეებზე პაკისტანში სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტი გააუქმა და ირანული მხარისაგან განახლებული სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტი მიიღო, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ვერსიაც თეთრი სახლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, დიპლომატიური პროცესი კიდევ ერთხელ შეფერხდა.
ომის გაგრძელების ფონზე ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე კვლავ გაიზარდა. ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა კი ისევაც მკვეთრადაა შემცირებული. ბოლო დღე-ღამეში იქ მხოლოდ შვიდმა ხომალდმა გაიარა. შედარებისთვის, კონფლიქტამდე სრუტეს ყოველდღიურად 140-მდე გემი კვეთდა. Kpler-ისა და SynMax-ის მონაცემებით, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გამო ექვსი ირანული ტანკერი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.




























