აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელს მოუწოდა, თავი შეიკავოს ირანის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურაზე განმეორებითი თავდასხმებისგან, რადგან ორმხრივმა დარტყმებმა ენერგორესურსების ფასების კრიტიკული ზრდა გამოიწვია.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ მან პირადად მოუწოდა ბენიამინ ნეთანიაჰუს ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შეწყვეტისკენ, რათა გლობალური ეკონომიკური შოკი თავიდან იყოს აცილებული.
პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ კატარის “რას ლაფანის” ინდუსტრიულ ზონაზე თავდასხმა უძღოდა. თავდასხმა იმ ობიექტზე, რომელიც მსოფლიო თხევადი ბუნებრივი აირის მეხუთედს აწარმოებს და რომლის აღდგენასაც, სავარაუდოდ, 3-5 წელი დასჭირდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ირანის „სამხრეთ ფარსის“ საბადოს დაბომბვის გადაწყვეტილება თელ-ავივმა დამოუკიდებლად მიიღო. ნეთანიაჰუს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ურანის გამდიდრებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების პოტენციალი საჰაერო დარტყმების შედეგად თითქმის განადგურებულია, რეჟიმის სრული დემონტაჟი „სახმელეთო აქტივობას“ საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ ამის საპირისპიროდ, დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ჯარების გაგზავნას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ადმინისტრაცია რეგიონში დამატებითი კონტინგენტის განთავსების საკითხს კვლავაც განიხილავს.
გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, G7-ის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ბაზრების სტაბილიზაციისა და ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოთქვეს. თუმცა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მკაფიოდ განმარტა, რომ ბერლინი ნებისმიერ სამხედრო მისიაში მხოლოდ საომარი მოქმედებების სრული დასრულების შემდეგ ჩაერთვება. პარალელურად, თეირანი „ომის ახალ ეტაპზე“ გადასვლას აანონსებს და იმუქრება, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მანამ გაგრძელდება, სანამ ისინი სრულად არ განადგურდება.




























