აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საწვავზე ფასების შემცირების მიზნით რუსეთი გლობალური ბაზრებისთვის დიზელის მიწოდებას დათანხმდა, რის საპასუხოდაც მისმა ადმინისტრაციამ დროებით მოხსნა აშშ-ის სანქციები რუსულ საწვავზე. აღნიშნული შეზღუდვები თავდაპირველად მოსკოვისთვის უკრაინაში ომის საწარმოებლად შემოსავლების შესამცირებლად იყო დაწესებული.
დიზელის ფასები, რომელიც სოფლის მეურნეობაში, სახლების გასათბობად და სატვირთო გადაზიდვებში გამოიყენება, რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება და ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელებისთვის სერიოზულ პოლიტიკურ რისკს წარმოადგენს 3 ნოემბრის კონგრესის არჩევნების წინ, რომელმაც უნდა განსაზღვროს, შეინარჩუნებენ თუ არა ისინი კონტროლს საკანონმდებლო ორგანოში.
განცხადების შემდეგ დიზელის ფასებმა მცირედით დაიწია, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შეთანხმება შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს ფასების ხანგრძლივად შესაკავებლად.
ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან "უაღრესად წარმატებული" საუბარი ჰქონდა, რა დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი აშშ-ისა და გლობალური ბაზრებისთვის 300 000 ტონაზე მეტ დიზელს დაუყოვნებლივ გამოყოფს, რაც დაახლოებით 2.25 მილიონი ბარელი საწვავის ეკვივალენტია. შედარებისთვის, აშშ დღეში დაახლოებით 1.5 მილიონი ბარელი დიზელის ექსპორტს ახორციელებს.
სატელეფონო საუბრის შემდეგ, პუტინის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა სოციალურ ქსელ "X"-ში რუსეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა მოიწონა. ინფორმირებული წყაროების ცნობით, გასულ თვეში ვაშინგტონში ვიზიტისას დმიტრიევმა ამერიკელ ოფიციალურ პირებს სთხოვა, აშშ-ის ბაზარზე დიზელის ექსპორტის ლიცენზიები ყველა მსხვილ რუსულ ნავთობკომპანიაზე გავრცელებულიყო.
2025 წლის ოქტომბერში აშშ-მა რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები 2022 წელს დაწყებული ომის გამო დაუწესა. დიზელის ექსპორტმა მოსკოვს შესაძლოა მილიარდობით დოლარის შემოსავალი მოუტანოს, რაც პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში დაეხმარება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს შეთანხმება გააკრიტიკა და მას "ძლიერი პარტნიორების მხრიდან სუსტი გადაწყვეტილება" უწოდა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების შესახებ განცხადება სწორედ მაშინ გაკეთდა, როდესაც უკრაინული დელეგაცია აშშ-ში იმყოფებოდა ომის დარეგულირების გზების განსახილველად.
"პუტინისთვის საჩუქრების გაკეთება მშვიდობას ან რაიმე სარგებელს არ მოუტანს ცივილიზებულ სამყაროს. რუსეთი დიზელის სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტ ტერორსა და ვერაგობას გადაიხდის", - დაწერა ზელენსკიმ "X"-ზე.
შეთანხმება ამერიკელმა კანონმდებლებმაც გააკრიტიკეს, მათ შორის ტრამპის თანაპარტიელმა რესპუბლიკელმა, კონგრესმენმა დონ ბეიკონმა, რომელმაც განაცხადა, რომ ახლა დროა კონგრესის მიერ ახლახან მიღებული დამატებითი სანქციები ამოქმედდეს და არა არსებული ზომები მოიხსნას.
"ახლა სწორედ ის დროა, რომ ეს სანქციები პუტინის სამხედრო მანქანის მოსახრჩობად გამოვიყენოთ და არა დიქტატორი დავაჯილდოოთ მისთვის მეტი ფულის მიცემით, სანამ ის უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღებასა და ხოცვას აგრძელებს", - აღნიშნა ბეიკონმა "X"-ზე.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა უკვე გამოსცა ლიცენზია, რომელიც რუსული დიზელის იმპორტს 7 აპრილამდე უშვებს.
ტრამპის განცხადებით, რუსეთი ნოემბერში კიდევ 500 000 ტონას მიაწოდებს ბაზრებს, ხოლო "ამის შემდეგ დაუყოვნებლივ" - დამატებით 1 მილიონ ტონას. მისივე თქმით, მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება "მათი დიზელის გადამმუშავებელი ქარხნების მდგომარეობის გათვალისწინებით", რომლებიც უკრაინული იერიშების შედეგად დაზიანდა.
























