ბათუმში მოქმედმა საკონდიტრო კომპანიამ „დონა“ ზაფხულის სეზონზე ახალ ფილიალში გაყიდვების დაახლოებით 15-20%-იანი ზრდა მიიღო. კომპანიის ხელმძღვანელის, თამილა ბეჟანიძის განცხადებით, ახალმა ობიექტმა მოლოდინები გაამართლა და დაგეგმილ შედეგს მოსალოდნელზე ადრე მიაღწია.
როგორც ბეჟანიძემ BMGTV-ის გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა, ზაფხულის სეზონი კომპანიისთვის ტრადიციულად აქტიური იყო, თუმცა შედარებით მოკლე აღმოჩნდა. არსებულ ფილიალში გაყიდვები მოსალოდნელი დინამიკით გაიზარდა, ახალ ობიექტში კი სეზონურმა ზრდამ დაახლოებით 15-20% შეადგინა.
„ზაფხული ტრადიციულად აქტიური იყო. სამწუხაროა, რომ ცოტა მოკლე აღმოჩნდა, თუმცა ეს ამინდიდან გამომდინარეა და ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ძველ ფილიალში გაყიდვები ზუსტად ისე გაიზარდა, როგორც ველოდით - იმ სისტემატურობით, როგორც წინა წლებში იზრდებოდა. ჩვენთან მომხმარებლის მატება ცოტა არასტანდარტულად ხდება. ზაფხულში შემოსული მომხმარებელი, ანუ ტურისტი, ადგილობრივ მომხმარებელს პირდაპირ არ ემატება, რადგან ამ პერიოდში ადგილობრივი მომხმარებელი ქალაქიდან გადის. უბრალოდ იცვლება გაყიდვების მოცულობა და მომხმარებელთა სტრუქტურა.
რაც შეეხება ახალ ფილიალს, მან საბოლოოდ გაამართლა ჩვენი იმედები და სეზონურმა ზრდამ დაახლოებით 15-20% შეადგინა. ამ შედეგისთვის უფრო ხანგრძლივი პერიოდი გვქონდა გათვლილი, თუმცა მოსალოდნელზე გაცილებით ადრე მივიღეთ“, - განაცხადა თამილა ბეჟანიძემ.
კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ნედლეულის გაძვირებისა და ინფლაციის პირობებში პროდუქციაზე ფასების შენარჩუნებაა. ბეჟანიძის თქმით, მიმდინარე წელს „დონამ“ ზაფხულის სეზონი ისე დაასრულა, რომ ფასების მასობრივი ან მკვეთრი ზრდა არ დასჭირვებია. ცალკეულ პოზიციებზე ფასები უმნიშვნელოდ შეიცვალა, თუმცა კომპანიის ძირითადი ასორტიმენტის ღირებულება შენარჩუნებულია.
„ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემაა პროდუქტზე ფასის მუდმივი ზრდა, მაგრამ წელს ვამაყობთ იმით, რომ სეზონი ისე დავასრულეთ და უკვე ადგილზე დაბრუნებულ მომხმარებელსაც ისე დავხვდით, რომ ფასების რადიკალური ზრდა არ გვქონია. ზაფხულის განმავლობაში თითქმის საერთოდ არანაირი მნიშვნელოვანი ფასნამატი არ გაგვიკეთებია. შემოდგომის დასაწყისშიც ადგილობრივ მომხმარებელს იმ ფასებით ვემსახურებით, რომლებიც გვქონდა.
არის ცალკეული პოზიციები, რომლებზეც უმნიშვნელო ზრდა მოხდა, თუმცა ვფიქრობ, ამაში თავისი როლი ითამაშა იმან, რომ დიდი ხანია ჩვენს მომწოდებლებთან ვთანამშრომლობთ და ისინიც უფრთხილდებიან ამ ორმხრივ ურთიერთობას. ცდილობენ, ძირითად პროდუქტებზე ფასები მაქსიმალურად შეინარჩუნონ. მეორე მხრივ, ჩვენი ბრუნვა და მოცულობაც გვაძლევს საშუალებას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუნდაც დიდი ძალისხმევის ფასად, შევინარჩუნოთ ის ღირებულება, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.
ბეჟანიძის შეფასებით, ამ ეტაპზე კომპანია იმედოვნებს, რომ ახალ წლამდე პროდუქციაზე ფასების მასობრივი ზრდის საჭიროება არ დადგება.
როგორც ის ამბობს, „დონას“ გაყიდვებზე გავლენას ახდენს კორპორატიული ღონისძიებებისა და კერძო შეკვეთების მიმართულებაც. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ზაფხულში განსაკუთრებით აქტიურია ე.წ. თიმბილდინგის ღონისძიებები, რომლებსაც თბილისში მოქმედი კომპანიები ზღვისპირეთში თანამშრომლებისთვის აწყობენ. ქორწილების მიმართულებით კი შეკვეთები ძირითადად სექტემბერ-ოქტომბერში იზრდება.
„თიმბილდინგის მიმართულება განსაკუთრებით აქტიურია, როდესაც დედაქალაქიდან კომპანიები ზღვისპირეთში თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებას მართავენ. ამ პროცესში ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული და ეს დადებითად აისახება გაყიდვებზე. რაც შეეხება ქორწილებს, ჩვენთან ეს მიმართულება ძირითადად სექტემბერ-ოქტომბერშია დატვირთული. ძალიან გვიხარია, რომ ეს დატვირთვა წლიდან წლამდე იზრდება. ვამაყობთ, რომ ჩვენი მომხმარებლების ძალიან მნიშვნელოვან დღეებში ვმონაწილეობთ და მათთან ერთად ვიზიარებთ ამ სიხარულს“, - განაცხადა თამილა ბეჟანიძემ.
კომპანია პროდუქციის ასორტიმენტსაც მომხმარებელთა მოთხოვნისა და ბაზარზე არსებული ტრენდების შესაბამისად ავითარებს. ბეჟანიძის თქმით, სოციალურ მედიაში პოპულარული პროდუქტები საკონდიტრო ბიზნესის გაყიდვებზე სულ უფრო მეტად მოქმედებს.
























