მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტექნიკის განახლება მსხვილ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა უწყვეტი პროცესია“ - „დონას“ გამოწვევები და გეგმები

დონა

ბათუმში მოქმედი საკონდიტრო კომპანია „დონასთვის“ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საწარმოო ტექნიკის მუდმივი განახლებაა. კომპანიის ხელმძღვანელის, თამილა ბეჟანიძის განცხადებით, თანამედროვე დანადგარები წარმოების უფრო სწრაფად, ეკონომიურად და ეფექტიანად წარმართვის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მათი შეძენა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

როგორც ბეჟანიძემ BMGTV-ის გადაცემაში “ქალების ნარატივი” განაცხადა, საცხობი და სადეკორაციო ტექნიკა ყოველწლიურად ვითარდება, მწარმოებლები კი ბაზარს უფრო დახვეწილ, პრაქტიკულ და კომპაქტურ დანადგარებს სთავაზობენ. შესაბამისად, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად კომპანია ტექნიკურ სიახლეებს თვალს ადევნებს და არსებულ აღჭურვილობას ეტაპობრივად აახლებს.

„წარმოების თვალსაზრისით, ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ტექნიკაა. საცხობი, სადეკორაციო და სხვა საწარმოო დანადგარები ძალიან სწრაფად ვითარდება. ყოველწლიურად მწარმოებლები გვთავაზობენ უფრო ჭკვიან, დახვეწილ, პრაქტიკულ და კომპაქტურ ტექნიკას, რაც საკმაოდ მსხვილ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

თუმცა, იმისთვის, რომ განვითარდე, არ ჩამორჩე და პროდუქტი უფრო სწრაფად, ერგონომიულად და ეკონომიურად აწარმოო, იძულებულიც ხარ და თან გიხარია კიდეც, რომ ამ პროცესში მონაწილეობ. თვალს ვადევნებთ სხვადასხვა ტექნიკურ გამოფენას, ვეცნობით სიახლეებს და ჩვენს დანადგარებსაც ეტაპობრივად თანამედროვე მანქანა-დანადგარებით ვცვლით“, - განაცხადა თამილა ბეჟანიძემ.

მისი განმარტებით, წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ბიზნესმა მიღებული შემოსავლის ნაწილი ისევ საქმიანობაში დააბრუნოს. ამ მიდგომით კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ეფექტიანი მუშაობის მიღწევას ცდილობს.

„ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ის ამონაგები, რომელსაც ბიზნესი გვაძლევს, დიდი ნაწილით ისევ ამავე ბიზნესში უნდა დააბრუნო, რომ სამომავლოდ ბევრად უკეთესი შედეგი მიიღო“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ბეჟანიძის თქმით, „დონა“ ბათუმში სამ ფილიალს აერთიანებს და ჯამში 250-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიის წარმოებაში დასაქმებული მცხობელები და კონდიტერები პროფესიულ უნარებს ძირითადად ადგილზე იძენენ, შიდა სამუშაო სტანდარტების მიხედვით.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, ახალი წლის წინა პერიოდი აჭარაში საკონდიტრო ბიზნესისთვის შედარებით მშვიდია. კომპანია ამ პერიოდს ზაფხულის სეზონის შედეგების შესაჯამებლად და მომდევნო სადღესასწაულო პერიოდისთვის მოსამზადებლად იყენებს. ამ ეტაპზე ახალი მსხვილი პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები