მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონორების გრანტების გარეშე, მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას ვერ გავუწევთ - გიორგი გოცირიძე

გიორგი გოცირიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელის გიორგი გოცირიძის განცხადებით, დონორების გრანტების გარეშე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის საია, მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას ვერ გაუწევს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საუბრის მთავარი თემა ხელისუფლების მიერ მიღებული ანტიდემოკრატიული კანონები იყო, რითაც ქვეყანაში მესამე სექტორის საქმიანობა მკვეთრად შეიზღუდა.

გიორგი გოცირიძის შეფასებით, არასამთავრობო სექტორისთვის რუსულ კანონსა“ და ასევე ქართულ FARA”-ზე მძიმე აღმოჩნდა გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმად, NGO-ებს მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტების მიღება აეკრძალათ.

საიას წარმომადგენლის შეფასებით, ასეთი მოდელი თვით ავტორიტარულ ქვეყნებშიც იშვიათია - აზერბაიჯანში, მაგალითად, მხოლოდ რეგისტრაციის მოთხოვნა არსებობს, თანხმობის არა, ამიტომ საქართველოს კანონი უფრო მკაცრია“, - ამბობს ის.

მისი შეფასებით, გრანტების კანონი“ პირდაპირ აზარალებს მოქალაქეებს, ვინაიდან არასამთავრობოები, რომლებიც უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, პენსიონერებს, მოქალაქეებს, ვერ შეძლებენ მუშაობას.

შედეგად, ყველაზე მეტად ზარალდებიან რიგითი ადამიანები, რომლებიც ვერ მიიღებენ სამართლებრივ მხარდაჭერას. ეს არ არის მხოლოდ NGO-სექტორის პრობლემა, ეს კანონი მოქალაქეთა უფლებებზე და დემოკრატიის საფუძვლებზე პირდაპირ გავლენას ახდენს. მაგალითად, დღეს დაგვიკავშირდა პენსიონერი; ასევე მოგვმართავენ სოციალურად დაუცველი ადამიანები იურიდიული კონსულტაციისთვის და გვთხოვენ, სასამართლოში მათი ინტერესები დავიცვათ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, თუკი არ გვექნება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარება და დაფინანსება. ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა შემთხვევები, როდესაც უბრალოდ, ვერ ვახერხებთ უფასო იურიდიულ დახმარებას“, - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

გიორგი გოცირიძე, რომელიც 2003 წლიდანაა სამოქალაქო სექტორში, ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მძიმე პერიოდები ჰქონიათ, მაგრამ ასეთი - არა. „ოცნების" რეპრესიული კანონების გამო, არასამთავრობოების საქმიანობა მილევად რეჟიმშია“ - აცხადებს ის.

ცნობისთვის: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში „გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი წარადგინა. ორგანიზაცია მოუწოდებს სასამართლოს, დროულად განიხილოს და შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. საია ასაჩივრებს „გრანტების შესახებ“ კანონის 61-ე მუხლს, რომლის საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, საიას წინააღმდეგ მიმდინარე წლის სექტემბერში მონიტორინგის პროცესი დაიწყო. მონიტორინგის პროცესი მასობრივად დაიწყო და დღეისათვის, 60-ზე მეტი ორგანიზაციის მიმართ მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები