"ქართული ოცნების" მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც უმაღლესი განათლების სისტემაში ბევრი ცვლილება შეაქვს. ასე მაგალითად კანონპროექტით სახელმწიფო გრანტი მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე გაიცემა, დღეს მოქმედი მოდელისგან განსხვავებით, როცა გრანტის მიღება კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებსაც შეუძლიათ.
ამას გარდა, ცვლილებით მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა 1-წლიანი, ხოლო დოქტორანტურაზე ისევ არანაკლებ 3-წლიანი იქნება.
განმარტებით ბარათში წერია, რომ საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, დაინერგება 3+1 +1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას.
შესაბამისად, ცვლილების თანახმად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს. ხოლო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი იქნება და მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს. საგანმანათლებლო პროგრამის მაქსიმალური კრედიტების რაოდენობას განსაზღვრავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
"ასევე, კანონით განისაზღვრება, რომ დოქტორანტურაში სწავლის უფლება ექნება არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული არანაკლებ 120 კრედიტიანი/ან მასთან გათანაბრებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი სპეციალობისა, შეიძლება ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას ან ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელთა საფუძველზედაც ის შეძლებს სამაგისტრო ნაშრომის ან/და პროექტის წარდგენას, მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან ქვედარგის/სპეციალიზაციის თავისებურებების გათვალისწინებით", - წერია განმარტებით ბარათში.
ამას გარდა, კანონპროექტით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა, 2028 წლამდე შეიმუშაოს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი.
კანონპროექტით ასევე წერია, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღებისას კვოტების რაოდენობრივი განაწილება ამჟამად არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების სიღრმისეულ ანალიზს.
შედეგად, პრაქტიკაში შეინიშნება როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი შეუსაბამობა უნივერსიტეტების მიერ გამოშვებული კადრების კვალიფიკაციასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კანონით განისაზღვრება, რომ მთავრობა, განათლების სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას - როგორც კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე მათი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.




























