"DP World-ს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ვესაუბრეთ" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დუბაიში მიმდინარე ექსპო 2020-ის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად DP World-თან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს, როგორც ლოგისტიკური განვითარების კუთხით რეგიონული ლიდერის პოტენციალს შეეხო და კომპანიის წარმომადგენლებმა ინტერესი გამოთქვეს, რომ დეტალურად გაეცნონ ანაკლიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი კვალავაც ინარჩუნებს მაღალ ბიზნეს-მიმზიდველობას.
„DP World - ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია სატერმინალო-საპორტო მომსახურების, ტვირთების გადაზიდვის და ლოგისტიკის კუთხით. ჩვენ მათ გავაცანით, თუ რა განვითარებაა საქართველოში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით და ასევე ვესაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კომპანიაც, ისევე როგორც სხვა პოტენციური ინვესტორები, დაინტერესდება ანაკლიაში შემოსვლით.
DP World-მა ძალიან კარგად იცის ჩვენი შავი ზღვისპირეთი, იცის ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია რეგიონში, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი დერეფნის შემადგენელ ნაწილს, როგორც ლოგისტიკურ პლატფორმას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ცნობისთვის: DP World მაღალი რეპუტაციის გლობალური, საკონტეინერო-სატერმინალო ოპერატორი კომპანიაა. ის მსოფლიოს 40 ქვეყანაში მართავს 82 საზღვაო ტერმინალს, რომლებიც წელიწადში საშუალოდ 70 მილიონამდე კონტეინერს ამუშავებენ. კომპანია ასევე ახორციელებს ლოგისტიკური და საზღვაო სერვისების მიწოდებას და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ოპერირებას. 2018 წლის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალი 8.5 მლრდ დოლარი იყო.