ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, DRG-სთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობა დაწყებულია. BM.GE-ის კითხვის პასუხად, მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოწვევებზე საუბარი კერძო სექტორთან ღიად მიმდინარეობს და ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაზეც ყველა მოთამაშე თანახმა იქნება.
"ამ დღეებში ჩატარებული არაერთი შეხვედრის ფარგლებში, მათ შორის საზედამხედველო მანდატის ფარგლებში ახორციელებს შეხვედრებს კლინიკებთან იმისთვის რომ დადგინდეს რა არის მთავარი პრობლემატიკა. ყველა თანხმდება, რომ ამ მიმართულებით გარკვეული მეთოდიკა, წესრიგი, თამაშის წესები უნდა არსებობდეს. არის გარკვეული სირთულეები და ამაზე სექტორთან ღიად ვსაუბრობთ, რომელთა მოგვარებაზეც რეალურად მუშაობა დაწყებულია. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, კარგად უნდა იყოს შეფასებული, საიმისოდ რომ ახალი რისკები არ გაჩნდეს. კონსტრუქციულად ვართ განწყობილი ამ პრობლემების მოსასმენად, გადასაჭრელად და ვფიქრობ, ეს დარგსაც კარგად ესმის. ანალოგიურ განწყობას ველოდებით,საიმისოდ რომ სამართლიანი თამაშის წესებზე შევთანხმდეთ უკლებლივ ყველა მოთამაშე რომლებიც საბოლოოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებს მოვემსახურებით", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა. DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. DRG სისტემა გულისხმობს, რომ სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
DRG სისტემის დანერგვამ რიგი სამედიცინო დაწესებულებების და ექიმების პროტესტი, მისი შემოღების პირველივე ეტაპზე გამოიწვია.
ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ, სფეროს წარმომადგენლებმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად, რომელსაც მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციოს, სწორედ DRG მოდელის გადახედვა დაასახელეს.