ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მოცემული ვადა ნელ-ნელა იწურება. კომისია საქართველოს შეფასების ანგარიშს, 2023 წლის გაფართოების პაკეტთან ერთად, ოქტომბერში წარადგენს. საქართველომ კი სრულად 12-იდან 3 რეკომენდაცია შეასრულა.
ჟურნალისტის კითხვას, რამდენად შეძლებს საქართველო დარჩენილ დროში ყველა რეკომენდაციის შესრულებას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ კონფერენციაზე პასუხობს.
“უკვე განვმარტე, რომ 12-ვე პრიორიტეტი მნიშვნელოვანია და ეხება იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში უნდა განხორციელდეს არა ბრუსელისთვის, არამედ ცხოვრების დონისა და დემოკრატიის გაუმჯობესებისთვის. მიმაჩნია, რომ დრო ჯერ ისევ არის და ძალისხმევის გაწევაა საჭირო. და იცით, რომ ეს პროცესია. ევროკომისია გაფართოების შესახებ დასკვნას გამოაქვეყნებს, საიდანაც თითოეული ქვეყნის შესახებ ანგარიში იქნება წარმოდგენილი, რომელშიც ქვეყნის შედეგების და პროგრესის შესახებ გახდება ცნობილი. აქვე იქნება რეკომენდაციები შემდგომი ეტაპისთვის. ყველა წევრი სახელმწიფო ამ ქვეყნებს რეკომენდაციას მისცემს და, წლის ბოლოს, EU-ს წევრი სახელმწიფოები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მიმაჩნია, რომ წარმატების მიღწევა სრულად შესაძლებელია ამ პერიოდში და მოლოდინი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი. იმიტომ, რომ სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ძალისხმევა, რაც ამ რეკომენდაციების შესრულებას სჭირდება, არსებობს", - აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.