მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დროა, ფქვილის იმპორტზე დაწესებული ტარიფები გაუქმდეს, სხვა შემთხვევაში პური ვერ გაიაფდება”-"ჯორჯიან ბეიქერსი"

პური

საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი მცირდება, მაგრამ მწარმოებლები ბაზარზე პურის გაიაფებას არ ელოდებიან. ამბობენ, რომ ფასი, რომელიც ბოლო 2 წელია პურზე ფიქსირდება სტაბილურად შენარჩუნდება.

"ჯორჯიან ბეიქერსის" თანადამფუძნებელი მიხეილ ფარულავა ამბობს, რომ პურის ფასის მდგენელი რამდენიმე ფაქტორიდან მხოლოდ ერთის, პირობითად გაზის გაიაფება, პროდუქტის ღირებულებას მნიშვნელოვნად ვერ ცვლის.

მისი განმარტებით, როგორც პურზე ისე საკონდიტრო ნაწარმზე ფასების შემცირება ფქვილის ფასის გამო ვერ ხერხდება. მიხეილ ფარულავა გვიხსნის, რომ ფქვილის საიმპორტო გადასახადის დაწესებამ ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის ღირებულების შემცირება შეაფერხა, რის გამოც მწარმოებლები პროდუქციაზე ფასებს ვერ ამცირებენ.

“რამდენიმე კომპანიამ აგრესიული ფორმით მოითხოვა იმპორტირებულ ფქვილზე ტარიფების შემოღება საუბარია წისქვილ კომბინატებზე. მთავრობამ გაუწია ანგარიში და მოხდა ხელოვნური ტარიფების შემოღება, რამაც საქართველოში ფქვილის ფასი რეგიონის ქვეყნებთან შედარებით გააძვირა. ზუსტად ეს მაღალი ფასი არ აძლევს თუნდაც პურის მწარმოებლებს, საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებლებს ფასები შეამცირონ.

უკვე მოვიდა დრო, რომ გაუქმდეს ტარიფები, რომელიც შემოღებულია დროებით და მაშინ შესაძლებელია საუბარი კონკურენციაზე და ფასების უკუსვლაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან შორეულ პერსპექტივაში მოხდება”, - ამბობს "ჯორჯიან ბეიქერსის" დამფუძნებელი მიხეილ ფარულავა.

კომპანია “ბარაქას” დამფუძნებელი ამბობს, რომ დღეს ბაზარზე 1 ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 50 ლარია. მისი თქმით, პურის მწარმოებლებთან კომუნიკაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების მიხედვით დადგინდა, რომ ისინი პურზე არსებულ ფასს შეინარჩუნებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ტომარა ფქვილის ფასი არაუმეტეს 52 ლარი იქნებოდა.

ლადო ბიძინაშვილი განმარტავს, რომ იმპორტზე დაწესებული გადასახადის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე ფქვილი 45-დან 50-ლარამდე გაძვირდა.

“ჩვენ ეს საკითხი რომ გავიარეთ პურის და ხორბლის მწარმოებლებთან, მაშინ შეთანხმება გვქონდა, რომ დაახლოებით 52 ლარის ფარგლებში როცა იქნებოდა ფქვილის ფასი, ეს პურის გაძვირებას არ გამოიწვევდა. გადასახადის დაწესებიდან მოყოლებული 4-5 თვეა მოქმედებს, ფქვილის ფასი იყო 45-50 ლარი იყო და დღეს 50 ლარია”, - ამბობს “ბარაქას” დამფუძნებელი ლადო ბიძინაშვილი.

ცნობისთვის, ფქვილის, ქერის და ქატოს იმპორტზე ახალი გადასახადი 10 ოქტომბერს ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს მოუწევს ყოველ კილოგრამზე 0.25 ლარის გადახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. მთავრობის დადგენილებით, ფქვილის, ქერის და ქატოს იმპორტზე გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდეა დაწესებული.

ამასთან, პურის მრეწველთა ასოციაციის ინფორმაციით, პურის ფასს რამდენიმე მდგენელი აქვს და მათ შორის ყველაზე დიდი წილი ფქვილზე მოდის. უფრო კონკრეტულად პურის ფასის მდგენელი ფაქტორებია:

ფქვილი - 38%

ენერგომატარებლები და წყალი - 28%

გადასახადები- 18%

დასაქმებულთა ანაზღაურება- 7%

ტრანსპორტირება- 5%

დამხმარე მასალები- 4%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები