მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფქვილზე, ქერსა და ქატოზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი მოქნილი უნდა იყოს - ფერმერი

ფერმერი

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფქვილზე, ქერსა და ქატოზე დაწესებული გადასახადი ყველა მარცვლეულზე უნდა გავრცელდეს და უფრო მოქნილი უნდა იყოს. ამის შესახებ ფერმერმა bm.ge-სთან მარცვლეულის მწარმოებელზე არსებული გადასახადის ამოქმედების გავლენაზე საუბრისას განაცხადა.

ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებამ, რომელსაც გარკვეული დათქმები ჰქონდა, ნაწილობრივი გავლენა ფერმერებზე იქონია, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან დათქმები სრულად ვერ შესრულდა.

„ჩვენი პრობლემა ის არის, რომ რუსეთიდან შემოტანილი მარცვლეული აქ ფასს ქმნის, რაც 50-55 თეთრის ფარგლებში გამოდის. შეთანხმება ასეთი იყო, რომ წისქვილებს ფერმერებისთვის 70 თეთრი, ხოლო საცხობებს წისქვილებისთვის ერთ ტომარა ფქვილში 52 ლარი უნდა გადაეხადათ და პური არ უნდა გაძვირებულიყო. ამ შეთანხმებამ მხოლოდ ერთი კვირა იმუშავა. ამის შემდეგ ფქვილზე, მოგვიანებით კი ქერსა და ქატოზე სახელმწიფომ საიმპორტო გადასახადი დააწესა, თუმცა ჩვენ ამ გადასახადის ყველა მარცვლეულზე დაწესებას ვითხოვდით.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მთავარ საიმპორტო ქვეყანაში ხორბლის საექსპორტო ბაჟი ბაზარზე არსებული ვითარების მიხედვით ყოველკვირეულად იცვლება. ამიტომ ჩვენი აზრით, საქართველოს მხრიდან ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადიც მოქნილი უნდა იყოს და იმის მიხედვით უნდა იცვლებოდეს, თუ როგორ შეიცვლება რუსეთში ხორბალზე დაწესებული ბაჟი.

დღეს ქართული ხორბლის თვითღირებულება 70-80 თეთრია. ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებამ კი იქონია გავლენა, თუმცა მხოლოდ 5 თეთრით და პროდუქტის თვითღირებულებას არ ჰყოფნის. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი უფრო მოქნილი უნდა იყოს. სახელმწიფოები თავის ფერმერებს ეხმარებიან, მით უფრო მაშინ, როდესაც მარცვლეულის მიმართულება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ საკითხზე კომუნიკაცია სამინისტროსთან გვაქვს, თუმცა როდის განიხილება საკითხი ჯერ არ ვიცით. მდგომარეობის გამოსწორების იმედს ვიტოვებთ“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გასულ წელს შექმნილი ვითარების გამო მიიჩნევს, რომ წელს ქვეყანაში ხორბლის ნაკლები მოსავალი მოვა, ამის დასტურად ამბობს, რომ ფერმერების ნაწილმა შემოდგომაზე ხორბალი არ დათესა. ვინც დათესა კი უსასუქოდ დათესეს, რადგან ხარჯები და შესაბამისად, ხორბლის მოყვანის თვითღირებულება ნაკლები ყოფილიყო.

„ქვეყანაში 70 000 ტონა ხორბალია ჩაუბარებელი“ - რა გამოწვევები აქვთ მარცვლეულის მწარმოებლებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები