მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის მოსავალი შედარებით კარგია, მაგრამ რჩება უამრავი გამოწვევა - ნიკოლოზ ბენიაიძე

ხორბალი კახეთი

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ წელს ხორბლის შედარებით კარგი მოსავალია, თუმცა რჩება გამოწვევები. ის ძირითად გამოწვევად იმას ასახელებს, რომ წისქვილები სასურსათო ხორბალს დაბალ, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად იბარებენ.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, კახეთში თითქმის დასრულებულია მოსავლის აღება და საქართველოში ძირითადი მოსავალი დაბინავებულია.

"საჰექტარო მოსავალი წელს მეტია, რაც კლიმატის დამსახურებაა, რადგან იყო კარგი, მარცვლეულისთვის შესაფერისი ამინდები. სასურსათო და საფურაჟე ხორბლის საერთო მოსავლის დაახლოებით 10%-ია უკვე გაყიდული, 15 000 ტონა, ძირითადი დასაწყობდა. შარშანდელთან, შარშანწინდელთან შედარებით, მოსავალი შედარებით ხარისხიანია. წისქვილები სასურსათო მოსავალს იბარებენ, 55 თეთრია ძირითადი ნაწილი ფერმერებთან მისული, მაქსიმალური ფასი 60-65 თეთრი დაფიქსირდა, ეს ფასი ფერმერისთვის თვითღირებულებაზე, ანუ 70 თეთრზე ნაკლებია. ფერმერი თვითღირებულებას ელოდება, რომ კვლავ წარმოება გააგრძელოს, ყველას აქვს ვალდებულებები, სესხები მოსავლის მოსაყვანად, ტექნიკისთვის, საწყობებისთვის, ამიტომ ველოდებით ფასის შედარებით მომატებას, რადგან თვითღირებულებაში თუ ვერ გაყიდეს, ძალიან ცუდი დრო დაუდგებათ, ფაქტობრივად ორი წელია თვითღირებულებაზე ვერ გადიან. საფურაჟე ხორბალზე უფრო დაბალი ფასია და უფრო ნაკლები მოთხოვნა დღესდღეობით",- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ფასი გაიზრდება, თუმცა ეს გავლენას არ მოახდენს პურის ღირებულებაზე. როგორც ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა, მიიღეს დაპირება, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ფერმერებმა რეალიზაცია თვითღირებულებით შეძლონ.

"იცით, რომ შემოღებულია დროებითი საიმპორტო საფასური ფქვილზე, ქატოზე და ქერზე. მივიღეთ დაპირება, რომ თუ გაგრძელდება დაბალი ფასები და საჭიროება იქნება გადაიხედება დაღერღილი მარცვლეულის საკითხიც. გვაქვს დაპირება, რომ ფერმერები წლევანდელ მოსავალს თვითღირებულებაში მაინც გაყიდიან",- განმარტავს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, თენგიზ ნასარიძის განცხადებით, წელს ხორბლის აღების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს. მან ხორბლის მოსავლის დაბინავების მიმართულებით შექმნილი შტაბის წევრებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შარშანდელთან შედარებით წელს ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა გაზრდილია, გაუმჯობესებულია ხარისხიც და შესაბამისად, გაზრდილია ფასიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები