მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შარშანდელთან შედარებით, ხორბლის მოსავლიანობა, ხარისხი და ფასი გაზრდილია“ - მინისტრის მოადგილე

შეხვედრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თენგიზ ნასარიძის განცხადებით, შარშანდელთან შედარებით წელს ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა გაზრდილია, გაუმჯობესებულია ხარისხიც და შესაბამისად, გაზრდილია ფასიც. ამის შესახებ მან ხორბლის მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის საკითხებზე ხორბლის მოსავლის დაბინავების მიმართულებით შექმნილი შტაბის წევრებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მუდმივ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია დარგის წარმომადგენლებთან და იღებენ დეტალურ ინფორმაციას როგორც აღებული, ასევე რეალიზებული მოსავლის შესახებ. წელს, შარშანდელთან შედარებით, ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა გაცილებით მაღალია, უკეთესია ხარისხიც და შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით, ფასიც მეტია. დღეის მდგომარეობით, კახეთში ხორბლის მოსავლის აღება სრულდება და პროცესი უკვე სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს.

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ფერმერებთან და თუ, მათი მხრიდან იქნება მოთხოვნა, მზად ვართ, ჩვენი ტექნიკით, ჩავერთოთ მოსავლის აღების პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ხორბლის აღების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობ, წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ ხორბლის მოსავლის აღების პროცესის მართვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილმა ხორბლის მოსავლის დაბინავების საკოორდინაციო შტაბმა პროცესის ორგანიზებულად წარმართვა და ფერმერებისთვის პროცედურების გამარტივება უზრუნველყო.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ პურ-პროდუქტების მიმართულებით ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებაზე ისაუბრა.

„გასულ წლებთან შედარებით, წელს სიტუაცია უკეთესია. ხორბლის მოსავალი, ჰექტარზე, საშუალოდ, 3.5 ტონა ფიქსირდება, რაც კარგი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ რაოდენობასთან ერთად გაზრდილია ხარისხობრივი მაჩვენებლებიც და შესაბამისად, მაღალი ხარისხის ქართული ფქვილი გვექნება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, პურ-პროდუქტების მიმართულებით, ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ხორბლის მწარმოებელი ფერმერები, წისქვილკომბინატების და ხორბლის მოსავლის დაბინავების საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში ჩართული შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები