მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში 70 000 ტონა ხორბალია ჩაუბარებელი“ - რა გამოწვევები აქვთ მარცვლეულის მწარმოებლებს?

ფერმერები

მარცვლეულის მწარმოებლებს ხორბლის დარჩენილი მარაგები ჯერ არ ჩაუბარებიათ. დღეისთვის, ბაზარზე 70 000 ტონა ხორბალია, რომელიც ფერმერებს ჯერ არ ჩაუბარებიათ, მიზეზი დაბალი ფასია.

ხორბლის ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ BM.GE-ისთან ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ხორბლის მარაგები მცირე მოცულობებით იყიდება, თუმცა არა იმ რაოდენობით, რაც ამ დროისთვის უნდა გაყიდულიყო.

„ჩემი შეფასებით, ფერმერებს მარაგში დაახლოებით 70 000 ტონაზე მეტი ხორბალი აქვთ დარჩენილი, რაც ნელ-ნელა იყიდება და ხორბლის ხარისხის შენარჩუნებას დამატებითი სახსრების დამატებით ვახერხებთ. ამ მარაგის დიდი ნაწილი ძალიან კარგია საფურაჟედ, თუმცა საპურე ხორბლის 20% რაც გვაქვს ისიც არ გაგვიყიდია. ამის მიზეზი ის არის, რომ სამინისტროს, მეხორბლეებსა და წისქვილებს შორის მიღწეული შეთანხმება იმის, რომ 1 კგ ხორბალი 70 თეთრად შეეძინათ, ვერ შესრულდა, რადგან საერთაშორისო ბაზარზე არსებული მარცვლეულის დაბალი ფასი შიდა ბაზარზე ხორბლის ღირებულების ფორმირებაზე მოქმედებს და დაბლა სწევს. ხარისხიანი ხორბალიც კი ვერ იყიდეს იმ ფასად, რა დათქმაც გვქონდა. ახლა ხორბლის გასაყიდი ფასი დაახლოებით 50-55 თეთრია“, - განმარტავს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ფერმერი განმარტავს, რომ მარაგების რეალიზების შეფერხება, მათთვის პრობლემური საკითხია, რადგან თანხებს ვერ იღებენ დ ახალი მოსავლის ხარისხის უზრუნველყოფისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარებას ვერ ახერხებენ. ეს კი ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, ახალი მოსავლის ხარისხზე მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს. დარგის წარმომადგენელი იმასაც განმარტავს, რომ პრობლემური 2023 წლის შემდეგ ფერმერთა დიდმა ნაწილმა ხორბალი აღარ დათესა.

მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთ გამოსავლად ფერმერთა გაერთიანების ხელმძღვანელი მთავრობის მიერ ხორბალზე, ქერსა და ქატოზე დაწესებული საიმპორტო გასულ წელს ამოქმედებული გადასახადის მოქნილობას ასახელებს, რომელიც იმ მოცემულობას უნდა პასუხობდეს, რომელსაც მთავარი იმპორტიორი ქვეყანა - რუსეთი მარცვლეულის გაყიდვისას ქმნის.

ცნობისთვის, მთავრობამ ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად, მათთან კოორდინაციის შედეგად, 2023 წლის ნოემბერში რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. ფქვილის საიმპორტო გადასახადის ზრდა და ვადის გახანგრძლივება მარტამდე, ქერსა და ქატოზე 100-ლარიანი საიმპორტო გადასახადის დაწესება - ეს გადაწყვეტილებებია, რომლებიც მთავრობამ დღეს მიიღო. აღნიშნული მხარდაჭერის საფუძველი მარცვლეულის ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი რთული ვითარება იყო - მეხორბლე ფერმერებს ძველი ხორბალი ჩაუბარებელი რჩებოდათ, ხოლო წისქვილკომბინატები ხორბლის ჩაბარებას ვერ ახერხებდნენ, რადგან წარმოებისთვის მათ ქართულთან ერთად იმპორტირებული ხორბალი (ძირითადად რუსული) ესაჭიროებოდათ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2022 წლიდან მოყოლებული, გასული წლის პირველ ნახევრამდე საქართველოში ხორბლის იმპორტი შემცირებული იყო, რადგან მთავარ საიმპორტო ქვეყანაში ხორბალზე საექსპორტო ბაჟი დააწესეს, რომელიც რუსულ ფქვილთან შედარებით, ხორბლის იმპორტს ბიზნესისთვის არარენტაბელურს ხდიდა. რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე მთელი ამ ხნის განმავლობაში ნულოვანი ბაჟი მოქმედებდა. ამ ვითარებიდან გამომდინარე ხორბლის და ფქვილის მწარმოებლები სახელმწიფოს მხრიდან რუსეთიდან ხორბალსა და სხვა მარცვლეულზე საიმპორტო გადასახადის დაწესებას ითხოვდნენ, რაც მთავრობამ რამდენიმეთვიანი კომუნიკაციის შემდეგ თავდაპირველად ივნისში ხორბლის იმპორტის გადასახადით დააკმაყოფილა, ნოემბერში კი გადასახადი ქერსა და ქატოზეც გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები