პარასკევს, 14 ივლისს 12 საათზე მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით, ადგილობრივი ფერმერები მორიგი აქციის გამართვას წნორში აანონსებენ. აღნიშნული ინფორმაცია მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
BM.GE გაერთიანების ხელმძღვანელს დაუკავშირდა და არსებული მდგომარეობის შეფასება სთხოვა. ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, პრემიერის ბრძანებამ, რომელიც 12 ივნისიდან ამოქმედდა და ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა, არ იმუშავა და იმისთვის, რომ ადგილობრივი ფერმერები კრიზისული მდგომარეობიდან გამოვიდნენ, მეხორბლეები აქციის გამართვას 3 მოთხოვნით აპირებენ.
„ჯერ ძველი მოსავალი არ ჩაგვიბარებია და ახალი მოსავალიც უარეს დღეშია. ახალი ხორბლის ფასი დაახლოებით 43-45 თეთრია. ფასები ჩვენთან არის შემცირებული, რადგან რუსეთიდან შემოდის დიდი რაოდენობის საფურაჟე ხორბალი, ამასთან ცუდი ამინდების გამო ადგილობრივი ხორბლის მოსავლის ხარისხობრივი მონაცემები გაუარესებულია და ფასიც აქედან გამომდინარე დგება.
კანონი, რომელიც ფქვილის დაბეგვრასთან დაკავშირებით მიიღეს, არ მუშაობს, რადგან წისქვილები არ იხდიან იმ თანხას, რის ვალდებულებაც აიღეს და რაც 1 კგ-ზე 70 თეთრს შეადგენდა.
დარგის და მისი წარმომადგენლების გადარჩენისთვის სამი მოთხოვნა გვაქვს - პირველი: შესრულდეს პრემიერის ბრძანება და ის ვალდებულებები, რომელიც წისქვილკომბინატებმა აიღეს. ამასთან, იმპორტირებულ 1 ტონაზე ფქვილზე 200-ლარიანი გადასახადი საკმარისი არ არის და ის რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული გადასახადის სარკისებური უნდა იყოს.
მეორე მოთხოვნა 1 კგ საფურაჟე ხორბლის იმპორტზე 30-თეთრიანი გადასახადის დაწესებაა, რაზეც სახელმწიფო მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე მზაობას აცხადებდა, თუმცა შემდეგ ეს ასე არ მომხდარა. ქვეყანაში დიდი რაოდენობით საფურაჟე ხორბალი შემოდის, რაც ადგილობრივი ხორბლის გაყიდვებს აფერხებს.
მესამე მოთხოვნა იმ დაპირების შესრულებაა, რაც საბანკო ვალდებულებების გადანაწილებას შეეხებოდა. ვკოტრდებით და ჩაუბარებელი მოსავლის პირობებში სესხების გასტუმრებასა და შემდეგ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ვერ შევძლებთ“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე და დასძენს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ბოლო პერიოდში მათ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღიათ.