მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„10 დღეში თუ არაფერი შეიცვალა, პროტესტის უკიდურესი ფორმა დაიწყება“ - მეხორბლე ფერმერები

649fe8ee68d8b
სალომე ხიდურელი
01.07.23 13:56
740
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეხორბლე ფერმერებს შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე სასაუბროდ BM.GE მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელ ნიკოლოზ ბენიაიძეს დაუკავშირდა, რომლის განმარტებითაც, განხილვა წისქვილკომბინატების მიერ ხორბლის ჩაბარების საკითხს ეხებოდა.

„როგორც ვიცი, დამაიმედებელ ფასებზე არ ყოფილა საუბარი, პირიქით, შარშანდელ მოსავალზე 0.65₾-მ გაიჟღერა. არადა, პრემიერის ბრძანებით, შეთანხმება სამ სფეროს შორის მოხდა: პურის საცხობები წისქვილებიდან ფქვილს 52-53 ლარად უნდა იღებდნენ, წისქვილმა კი ფერმერისგან შარშანდელი ხორბალი 0.7 ლარად უნდა მიიღოს, ახლანდელი მოსავალი კიდევ უფრო ძვირია, მაგრამ ამ 0.7 ლარის გადახდაც პრობლემაა ხოლმე“, - ამბობს ბენიაიძე.

ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, წისქვილკომბინატები შეთანხმებულზე იაფად იბარებენ ხორბალს და პურის საცხობებსაც უფრო იაფად აბარებენ ფქვილს, რის გამოც ფერმერებს შეთანხმებულ 0.7 ლარს ვეღარ უხდიან.

„ძირითადად რეგიონებში ხდება, რომ წისქვილები სარგებლობენ ხალხის გაჭირვებით და ხორბალს უფრო იაფად ყიდულობენ, იაფადვე აწვდიან საცხობებს და შემდეგ ამას იმიზეზებენ, რომ საცხობები არ იხდიან საკმარისს - ეს არის დღევანდელი მოცემულობა, არადა, პრემიერის შეთანხმება სულ სხვა იყო, რაც დღეს, ფაქტობრივად, არ სრულდება“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.

მისი თქმით, ასოციაცია და ფერმერები მთავრობისგან საფურაჟე (არასასურსათო) ხორბალსა და ქერზე ფიქსირებული საფასურის შემოღებას ელიან.

„ჩვენ ველოდებით მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილებას. წისქვილი საფურაჟე ხორბალსა და ქერს არ ყიდულობს და ვერც იყიდის, ამიტომ დაპირება იყო, რომ საფასურს დააწესებდნენ მასზე, თუმცა ახლა ამისგან თავს იკავებენ, როცა აქამდე ამბობდნენ, რომ პირიქით, ამ კატეგორიაზე ფასის შემოღება მარტივი იქნებოდა და ფქვილზე - რთული.

კარგია, რომ ფქვილზე კანონი მიიღეს, მაგრამ რა ვუყოთ ქერს და საფურაჟე ხორბალს, რომელსაც წისქვილი არ იყიდის? ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ფერმერები, რადიკალურ ზომებზე არიან წამსვლელები, რაც ჩვენ არ გვინდა, გვინდა მშვიდად, მაგიდასთან გადაწყდეს ყველაფერი, მაგრამ ერთ კვირაში, 10 დღეში თუ არაფერი შეიცვალა, პროტესტის უკიდურესი ფორმა დაიწყება“, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერებისა და ხორბლის გადამმუშავებელი საწარმოების მხრიდან მრავალთვიანი მოთხოვნების შემდეგ, რუსული ფქვილის იმპორტზე მომსახურების საფასური დააწესა, რომელიც 12 ივნისიდან შევიდა ძალაში. თუმცა, როგორც ფერმერები აღნიშნავენ, ამ გადაწყვეტილებამ ქართული ხორბლის რეალიზაციის პრობლემა ვერ მოაგვარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები