მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაში მიმდინარე წელს ხორბლის მოსავლის შემცირებას ელიან. ფერმერთა გაერთიანების ხელმძღვანელი BM.GE-ისთან ამ მოლოდინის მიზეზებს ასახელებს. ნიკოლოზ ბენიაიძის ინფორმაციით, მარცვლეულის მწარმოებლების ნაწილმა, რთული 2023 წლის შემდეგ ხორბალი აღარ დათესა, რადგან ამ მარცვლოვანი კულტურის მოსავლიანობა სხვებთან შედარებით დაბალია. მისივე თქმით, ფერმერებმა რომლებმაც ხორბალი მაინც დათესეს, ხარჯების დაზოგვის მიზნით, თესვისას სასუქი არ შეიტანეს, რაც მოსავლიანობაზე იმოქმედებს.
„ხორბალი უკვე დაითესა, თუმცა სასუქის გარეშე, რადგან იმ ფერმერებს, ვისაც ხორბლის მარაგები არ გაუყიდიათ, დამატებითი სამუშაოების გაწევა ყველას ეშინიათ, რადგან თვითღირებულება კიდევ უფრო მეტად გაძვირდება და არ ვიცით ახალი მოსავლის ფასი რა იქნება. ხორბალი მეც დავთესე დაახლოებით 1 500 ჰა-ზე, თუმცა უსასუქოდ, გაზაფხულზე ალბათ ფოთლოვან სასუქს შევიტან, რაც ნაკლებად ეფექტიანია.
მეორე გარემოება ის არის, რომ ფერმერების ნაწილმა ხორბალი აღარ დათესა და სიმინდი დათესეს, რადგან ამ მარცვლეულის შემთხვევაში ჰექტარზე მოსავლიანობა დაბალია. ხორბლის მოსავლიანობა წელს შემცირდება, რადგან გასულ წელთან შედარებით, ნაკლებ ფართობებზე დაითესა და მოსავლიანობა იმის გამო რომ სასუქის გარეშე მოგვიწია დათესვა, შემცირებული იქნება“, - განმარტავს ბენიაიძე.
BM.GE-ის კითხვაზე - მოსავლის შემცირების პირობებში რამდენად შეძლებს სახელმწიფო ხორბლის თვითუზრუნველყოფის 15-დან 50%-მდე გაზრდას, დარგის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამის რეალური შანსი არსებობს, თუმცა ამ ვითარებაში მიზნის მიღწევა რთული იქნება.
„კანზასის უნივერსიტეტმა დადო დასკვნა, რომ ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის 50%-მდე გაზრდის რეალური შანსია, თუმცა ამ პირობებში როდესაც წარმოებას ვამცირებთ, ეს ვერ მოხდება.
კი, სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამები გვეხმარება და იაფ სესხებს თავისი ეფექტი ჰქონდა, თუმცა შექმნილ ვითარებაში თუ ხორბალს ვერ გავყიდით, ვერც ტრაქტორისას გადავიხდით და ვერც სხვა ვალდებულებეს მოვემსახურებით“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანაში დაახლოებით 150 000 ტონა ხორბლის მოსავალი მოვიდა.