მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დროული გადაწყვეტილებაა, თუმცა დამატებითი ნაბიჯებია საჭირო - GREDA ენერგოკომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერაზე

მაია მელიქიძე

ენერგეტიკის სექტორისთვის ეს ძალიან კარგი შანსია, თუმცა მთავრობის მხრიდან კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები - ასე აფასებს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ენერგოპროექტების ინვესტორებს ჯამურად 1 მილიარდი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ.

როგორც განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ენერგოპროექტების მშენებლობის დაჩქარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირებული გამოწვევების მოგვარება

„ეს გადაწყვეტილება სავსებით დროული იყო და კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია სექტორის დახმარება მილიარდ ლარიანი შეღავათის მიცემით, რადგან არსებობდა ფინანსური ბარიერი და ტვირთი, რომელიც უნდა გადაეხადა ამათუ იმ ინვესტორს იმისათვის, რომ პროექტი გაეგრძელებინა.

თუმცა მეორე მხრივ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პროექტებს ჰქონდათ გამოწვევა. გამოწვევა არა მხოლოდ სუბიექტური თვალსაზრისით, არამედ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეც, რაც იყო ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი და ნაკლები ჩართულობა თუნდაც მუნიციპალიტეტების ჭრილში.

ძალიან სერიოზული სამუშაოა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით და ეს უნდა იყოს პერმანენტული. ჩვენ გვჭირდება მედიატორი, რომელიც ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ამ კომუნიკაციას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები