მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს 52 კომპანია წარადგენს

644fcb1740801
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.23 18:33
614
დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს 52 ტურისტული კომპანია და სასტუმრო წარადგენს - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დუბაიში მიმდინარე გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებს სპარსეთის ყურის ქვეყნების უმსხვილეს ტურისტულ და ავიაკომპანიებთან მართავს.

გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

„საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით საქართველო მონაწილეობას იღებს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს საქართველოს სტენდს. დარწმუნებული ვარ ეს გამოფენა იქნება მორიგი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ცნობადობა უფრო გაიზრდება სპარსეთის ყურის ქვეყნებში და ეს დადებითად აისახება რეგიონიდან ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების ზრდაზე“,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში კერძო სექტორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო მერკური თბილისისა და IBIS Styles-ის წარმომადგენელი მაკა ცხომელიძე.

„კერძო სექტორი მონაწილეობას ვიღებთ ATM Dubai 2023-ის ტურისტულ გამოფენაზე, სადაც საკმაოდ დიდი დაინტერესებაა საქართველოს მიმართებით. დიდ იმედს ვამყარებთ, ეს გამოფენა გაზრდის ჩვენი ქვეყნის პოპულარობას და გაზრდის ტურისტული პროდუქტების ცნობადობას. ვიმედოვნებთ, ბევრი სტუმარი გვეყოლება ახლო აღმოსავლეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და საუდის არაბეთიდან“, -ამბობს მაკა ცხომელიძე.

გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური სტენდი, სადაც დამთვალიერებლებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 150-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენას 34 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები