ავტოიმპორტიორთა სექტორში უცხოელი მოქალაქეების მხრიდან კონკურენცია და ბაზრის წილის დაკავება ადგილობრივი დილერებისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება. Roban Motors-ის დირექტორის ელგუჯა ჯამაგიძის განცხადებით, ბაზარზე ჩნდება ახალი ინიციატივებიც, მათ შორის „დუბაის სტილის“ ბაზრობის მოწყობის გეგმა, რაც ადგილობრივი მეწარმეების პოზიციებს კიდევ უფრო ასუსტებს.
როგორც ჯამაგიძე ამბობს, უცხო ქვეყნის მოქალაქეები გარკვეული სქემებითა და „შეფუთული საბუთებით“ საქართველოში ბიზნესს აქტიურად ახორციელებენ, რასაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეგულირება სჭირდება.
„როგორც დილერისთვის, ისე კომპანიისთვის ერთ-ერთ დიდ პრობლემას უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებიც გარკვეული შეფუთული საბუთებითა თუ ქმედებებით დღესდღეობით ჩვენთან ბიზნესს ახორციელებენ. ამ საკითხზე ხშირად გვიწევს ინფორმაციის გაცვლა. უკვე დუბაის სტილის ბაზრობის გახსნაც კი იგეგმება, მას ვიღაც აზერბაიჯანელი და არაბი ერთად ხსნიან. თუ სახელმწიფოს სურს ამ საკითხს რეგულაციებით უნდა მიხედოს. ასე თავისუფლად შენი ქვეყნის მოქალაქე იდევნება ბაზრიდან, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე შენს ტერიტორიაზე შემოდის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყაზახებმა თუ ყირგიზებმა ავტომობილების რეექსპორტში ფაქტობრივად ჩაანაცვლეს ქართველი დილერი და ის მცირე მეწარმე, რომელიც ამ ბიზნესს ეწეოდა.
იმედი მაქვს, შემოსავლების სამსახურში ახლახან დანიშნული ბატონი მიხეილ მაღლაკელიძე დაგვეხმარება. ძალიან ჭკვიანი კაცია, ვიცნობ მას, მისი მოსვლის შემდეგ ბევრი კარგი საქმეც დავინახეთ და ამის შესახებ ინფორმაციას ვფლობთ. ან ეგებ გამოთქვას სურვილი, რომ შეგვხვდეს, მოისმინოს ჩვენი გულისტკივილი და იმაში მაინც დაგვეხმაროს, რომ ის რაც ქართველ დილერებს დაგვრჩა შევინარჩუნოთ. სანამ მთავრობა და ის პარლამენტარები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, დაფიქრდებიან და იქნებ პოზიციას შეცვალონ, მანამდე მაინც რომ გადარჩეს ეს ბიზნესი", - განაცხადა ელგუჯა ჯამაგიძემ "ანალიტიკაში" სტუმრობისას.
"დუბაის ავტობაზრობა" გლობალურ ლოგისტიკურ ჰაბია, სადაც მთელი მსოფლიოდან (აშშ, ევროპა, ჩინეთი, იაპონია) იმპორტირებული და ადგილობრივი ავტომობილების აკუმულირება და შემდგომ სხვა ქვეყნებში რეექსპორტი ხდება.


























