ირანში ომის დაწყების შემდეგ ერთდღიანი დაძაბულობის მიუხედავად, დუბაიში ამ დრომდე მშვიდი ვითარება ნარჩუნდება და ჩვეულებრივ ფუნქციონირებენ ბიზნესებიც - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში გიორგი ამანათიძემ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორპორაციული სერვისების მიმწოდებელმა, "საქმიან დილაში" დუბაიდან პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, დუბაიში შეფერხება ბიზნეს საქმიანობაში თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქმის არ დაფიქსირებულა.
"რეალურად, გუშინდელი დღის შემდეგ საკმაოდ მშვიდი ვითარება არის. ანუ ფაქტობრივად ყველაფერი დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმს. გუშინ მაგალითად საღამოს დუბაის სტუმრობდა პრეზიდენტი ნაჰაიანი და დუბაის პრინცთან ერთად დუბაი მოლში იმყოფებოდა, რაც ნათლად აჩვენებს თვითონ მოსახლეობისთვისაც, რამდენად მშვიდი და სტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში, მიუხედავად რეგიონალური კრიზისისა.
ბიზნეს პროცესებზე, სიმართლე რომ ვთქვა, იმდენად არ ასახულა ეს ყველაფერი. ცოტა შოკი იყო 28-ში, პირველ დღეს, მაგრამ მალევე დასტაბილურდა. გაქვს შეგრძნება, რომ ხარ დაცულ ქვეყანაში, დაცულ ქალაქში, რომელსაც რეალურად ფაქტობრივად არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რომ სახელმწიფო ზრუნავს როგორც ბიზნესზე, ისე მოქალაქეებზე და რეზიდენტებზე და ტურიზმზე. არანაირი შეფერხება ბიზნეს საქმიანობაში თუ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ყოფილა", - ამბობს გიორგი ამანათიძე.
მისივე თქმით, ქვეყანაში ზოგიერთი კომპანია თუ საჯარო დაწესებულება, დისტანციურ რეჟიმში მუშაობასა და სწავლაზეა გადასული, თუმცა ეს რეჟიმიც, არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ხვალამდე შენარჩუნდება.
რაც შეეხება დუბაიდან ფრენებს, გიორგი ამანათიძის ინფორმაციით, მათი ნაწილი აღდგენილია, თუმცა, ტურისტებისთვის, ვინც ქვეყანას ვერ ტოვებს, ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
"ვითარება საკმაოდ მშვიდი და წყნარია. საერთოდ არ შეიმჩნევა არაფერი დაძაბულობა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციას ვიღებთ, რომ რეალურად 1000-მდე საჰაერო ობიექტი იქნა განადგურებული საამიროების ცაში, ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება ცხოვრება. სანაპიროებიც დატვირთულია ტურისტებით. ერთადერთი, ხვალინდელი დღის ჩათვლით სკოლები, ბაღები და ოფისები, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ დისტანციურად გაეგრძელებინა მუშაობა, გადასული არიან დისტანციური რეჟიმზე. დანარჩენი - ტრანსპორტი, მაღაზიები თუ ასე შემდეგ, ყველაფერი ჩვეულებრივ მუშაობს.
სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს როგორც მოსახლეობაზე, ასევე ტურისტებზე. სახელმწიფომ სრულიად აიღო ვალდებულება, რომ დაფარავს ყველა ხარჯს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ სიტუაციის გამო, ფრენები გადაედო. სახელმწიფო უზრუნველყოფს როგორც განთავსების სრულად დაფარვას, ასევე კვების ხარჯების. სასტუმრო პირდაპირ სახელმწიფოს უგზავნის ინვოისებს, ანუ ფიზიკურ პირებს არანაირი დამატებითი ხარჯი ამ მხრივ არ ადგებათ. და კარგი ნაწილი ის არის, რომ წუხელ ღამით უკვე გარკვეული სამოქალაქო ფრენები აღდგა. რამდენადაც მე ვიცი აღდგა დუბაი-პარიზი, დუბაი-ლონდონი და სხვა", - ამბობს გიორგი ამანათიძე.




























