თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატების ნაწილმა, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს პრემია უკან დაუბრუნა. ისინი პაპაშვილის კუთვნილი კომპანია "რედიქსის" ოფისში მივიდნენ და ჯილდოებიც თან მიიტანეს.
მათი თქმით, ამის მიზეზი 30 დეკემბერს, BMG-სთან ინტერვიუში ლაშა პაპაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მხარი დაუჭირა, ხოლო პროევროპული აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.
„თქვენ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებთ, ხოლო ოლიგარქ ივანიშვილს აცხადებთ ისტორიულ ფიგურად და ამბობთ, რომ მან ქვეყანას ომი აარიდა. სინამდვილეში ოლიგარქმა ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ქართულ თეატრს და იმ ხელოვანებს, რომელთა უმრავლესობაც თქვენ მიერ დაარსებული პრემია „დურუჯის“ ლაურეატია. დამოუკიდებელი თეატრალური პრემია "დურუჯი" თქვენი ინიციატივით წლების განმავლობაში იმართებოდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიება იყო და აღნიშნავდა სეზონის საუკეთესო თეატრალურ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ მწვავე სოციალური თემატიკით, ფორმისეული სიახლითა და პოლიტიკური გამბედაობით.
ამ პრესტიჟული პრემიის მიღება საპატიო იყო ჩვენთვის, თქვენ კი დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელოვნებო პროცესის მხარდამჭერად წარმოგაჩენდათ, სწორედ იმ ხელოვნების, რომლის ავტორებსაც სასტიკად გაუსწორდნენ, უკანონოდ დააკავეს, დაემუქრნენ სამსახურიდან გაშვებით და შეულახეს ღირსება. ჩვენი ორი კოლეგა ახლაც პატიმრობაშია და განაჩენს ელოდება. მოძალადე რეჟიმის გამამართლებელმა თქვენმა განცხადებებმა სრულად გამოაცალა პრემიას ყველა ღირსება. სამარცხვინოდ მიგვაჩნია რამე კავშირის ქონა ყველა იმ პირთან, რომელიც მხარს უჭერს ძალადობას და არ იცავს ქართველი ხალხის ინტერესს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით, უკან დაგიბრუნოთ ის ჯილდოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ნამუშევრებს მიანიჭეთ“, - განაცხადეს ხელოვანებმა.
სხვადასხვა დროს მიღებული პრემიები 19-მა მსახიობმა დააბრუნა. მათ შორის არიან:
- დავით გაბუნია
- მიხეილ ჩარკვიანი
- სანდრო ნიკოლაძე
- გიორგი სურმავა
- თორნიკე გოგრიჭიანი
- დათა თავაძე
- ნატუკა კახიძე
- ალექს ჩიღვინაძე
- თამთა მელაშვილი
- ქეთა შათირიშვილი
- დათო საყვარელიძე
- ლაშა ბუღაძე
- კახა კინწურაშვილი
- თამრი ოხიკიანი
- გეგა გაგნიძე
- პაატა ციკოლია
- ოთარ ქათამაძე
- ნინო კასრაძე
- ანკა კალატოზიშვილი.
გაფიცული ხელოვანების თქმით, ქანდაკების გარდა, "დურუჯის" პრემია გულისხმობდა ფულად ჯილდოს, რომლის ეკვივალენტიც ახლა გროვდება, რათა გაფიცული კოლეგების დახმარების ფონდში გადაირიცხოს.