მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუშეთში, ე.წ. ქოლცენტრის საქმეზე გამოძიება დაიწყო, დაკავებულია ჩინეთის 14 მოქალაქე - შსს

ქოლცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში ორგანიზებული თაღლითური სქემის შესაძლო არსებობის გამო გამოძიება დაიწყო. როგორც უწყება აცხადებს, საქმე ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო თაღლითობას, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრის მეშვეობით ხდებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას ორგანიზებული ჯგუფის მიერ გულისხმობს.

უწყების ცნობით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. სამინისტროს ცნობით, ადგილზე სავარაუდოდ მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი, საიდანაც ხორციელდებოდა უკანონო ფინანსური ოპერაციები.

სამართალდამცველებმა სასტუმროში ჩატარებული ღონისძიებებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ათეულობით მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, რომლებიც, სავარაუდოდ, თაღლითური საქმიანობისთვის გამოიყენებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, სასტუმროში მყოფი პირების იდენტიფიცირებისას, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გამოვლინდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში არაკანონიერი სტატუსით იმყოფებოდნენ. მიგრაციის დეპარტამენტმა მათ მიმართ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული გაძევების პროცედურები. აღნიშნული პირები დროებით განთავსდნენ მიგრაციის დეპარტამენტის სპეციალურ ცენტრში, საიდანაც დაგეგმილია მათი დაბრუნება წარმოშობის ქვეყანაში.

სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებებამდე სასტუმროში ხანძარი მოხდა, რომელიც ადგილზე მისული პოლიციის გამოჩენის დროისთვის უკვე ლიკვიდირებული იყო. ხანძრის შემდეგ, სასტუმრო იქ მყოფმა სხვა პირებმა დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები აგრძელებენ მუშაობას იმ პირების და ჯგუფების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც სავარაუდო თაღლითურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები