მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძაღლების საოჯახო სასტუმრო „ები“ მაისიდან ფასების დაკორექტირებას გეგმავს|მიზეზები

ძაღლების სასტუმრო

ძაღლების საოჯახო სასტუმრო „ები“ მაისიდან ფასების დაკორექტირებას გეგმავს. ამის შესახებ სასტუმროს დამფუძნებელმა, ხათუნა მელიქიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

მისი თქმით, სერვისის დღიური ტარიფი, რომელიც უკვე ორი წელია უცვლელია, მიმდინარე წლიდან გაიზრდება.

„ამ ტარიფს ორი წელია ვინარჩუნებ და სავარაუდოდ, წელს ცოტა მოემატება. 35 ლარი იყო დღე და სავარაუდოდ, 40 ლარი გახდება. ფასები სავარაუდოდ მაისიდან დაკორექტირდება“, - განაცხადა მელიქიშვილმა.

როგორც დამფუძნებელი განმარტავს, ფასის ზრდა გაზრდილმა ხარჯებმა განაპირობა. მისი თქმით, გაძვირდა როგორც კომუნალური გადასახადები, ისე საოჯახო ქიმია და სხვა საოპერაციო ხარჯები : „ფასების ზრდა განაპირობა ხარჯებმა, კომუნალურების ზრდამ, საოჯახო ქიმიის ღირებულების ზრდამ... ყველაფერმა განაპირობა, ზოგადად ბაზარმა განაპირობა,“ – აღნიშნა მან.

მელიქიშვილის შეფასებით, გასული წელი მოთხოვნის კუთხით აქტიური იყო. სასტუმროს ჰყავს როგორც ახალი სტუმრები, ისე ერთგული მომხმარებლები, რომლებიც წლებია მომსახურებით სარგებლობენ. სასტუმრო მხოლოდ მცირე ზომის ძაღლებს იღებს - დაახლოებით 5-10 კილოგრამის ფარგლებში. დამფუძნებლის თქმით, ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც მომხმარებელთა ნდობას ზრდის.

„ვიტოვებთ მხოლოდ პატარა ჯიშის ძაღლებს, 5-8-10 კილოს ფარგლებში და ესეც ერთ-ერთი ნდობისთვის არის აუცილებელი. პატრონს ურჩევნია, დატოვოს ოჯახურ გარემოში, სადაც იქნება მისი ზომის და წონის ძაღლი“, – განმარტავს მელიქიშვილი.

ხათუნა მელიქიშვილის თქმით, განსხვავებით სხვა ტიპის სერვისებისგან, მცირე ჯიშის საოჯახო სასტუმროსთვის სეზონურობა ფაქტობრივად არ არსებობს.

„სეზონი არ გვაქვს. სულ არის მოთხოვნა, სულ მყავს სტუმარი და არ ველოდებით სეზონს, რომ ვიმუშაოთ. ადამიანები სულ გადიან ქვეყნიდან ან ქალაქიდან, ან აქვთ გადაუდებელი საქმეები და საჭიროა ძაღლის დატოვება“, – განაცხადა სასტუმრო „ების“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები