ნებისმიერი ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და ძალადობა მედიის წარმომადგენლების მიმართ არის კიდევ უფრო მიუღებელი, გამორჩეულად მიუღებელი, ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 1 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კიდევ ერთხელ შემიძლია, მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, როდესაც საქმე ეხება მედიის წარმომადგენლებს. ამ მიმართულებითაც გუშინ თავიდან იყო არიდებული ინციდენტები, ეს ჩვენი მუშაობის შედეგია. მაქსიმალურად ყველა იყო გაფრთხილებული, მათ შორის ამოცნობადი ყოფილიყვნენ ჟურნალისტები, რაც მანამდე სამწუხაროდ, არ იყო უზრუნველყოფილი. გუშინ ამოცნობადი იყო, მათ შორის შესაბამისი ეკიპირებით ის, თუ ვინ იყო ჟურნალისტი და ვინ არა და მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული შესაბამისი ინციდენტები. ამაზე ვმუშაობთ და ამაზე გაგრძელდება მუშაობა.
რაც შეეხება ჟურნალისტებზე ძალადობას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ ჩვენ გვაქვს კატეგორიული პოზიცია და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას. აქ ძალადობის ფორმა იგივე არ იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, თუ რა ტიპის ძალადობა ხორციელდებოდა თქვენი კოლეგის მიმართ რამდენიმე დღის წინ, რაც არავის დაუგმია. ხშირად ფიზიკურ ძალადობაზე არანაკლები მძიმეა ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც მაგალითად ვიხილეთ მეგის, თქვენი კოლეგის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, როდესაც არ გმობენ კონკრეტული ძალები ჟურნალისტის მიმართ ძალადობას, ამას ბევრი უყურებს და ამას აქვს ერთგვარი განზოგადებითი შედეგი, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
შეგახსენებთ, 28-30 ნოემბრის აქციების დროს, ძალოვნებმა სცემეს მედიის არა ერთ წარმომადგენელს. მათ შორის, ყველაზე მძიმედ დაშავდა ფორმულას წამყვანი, გურამ როგავა.




























