ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ეკონომიკური პარამეტრების გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა Moody’s-ის მიერ საქართველოს რეიტინგის უცვლელად დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.
სარეიტინგო კომპანია ასევე ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ თანამშრომლობაზე, რაც, დავითაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობის გასაძლიერებლად და რეიტინგის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორს წარმოადგენს. მხარდამჭერ ფაქტორებად სააგენტო ასევე ძლიერი ფისკალურ პოლიტიკას, სახელმწიფო ვალის სტაბილურ ან თანდათან შემცირებულ დონეს და ვალის მაღალ ხელმისაწვდომობას ასახელებს.
„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საინვესტიციო ხარისხთან, ე.წ. „საინვესტიციო რეიტინგთან“ და, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე კი საბოლოოდ იმას მივაღწიოთ, რომ მივიღოთ ეს საინვესტიციო ხარისხიც და საქართველოს ეკონომიკისთვის, საფინანსო სისტემისთვის ფინანსური რესურსები უფრო გაიაფდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. საქართველოს Ba2 რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა ასახავს სარეიტინგო სააგენტოს შეფასებას - რომ რისკები მიმდინარე პერიოდში დაბალანსებულია. Moody’s დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრისგან მოსალოდნელი ნეგატიური გავლენის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა აჩვენა, რაც ლევან დავითაშვილის შეფასებით, მომავალშიც გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ Moody’s-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5.5%-ით გაიზრდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონეზე 5.0%-5.5%-ის ფარგლებში იქნება. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა რეალური ხელფასებისა და დასაქმების ზრდით იქნება გამოწვეული, რაც ზეგავლენას მოახდენს მოთხოვნის ზრდაზე.




























