მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალიან ბევრი ჯავშანი უქმდება“ - როგორ ეხება ე.წ რუსული კანონი ტურიზმის სექტორს?

ბახტაძე

რუსული კანონის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოში ევროპელი ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ. ამის შესახებ „საქმის კურსში“ სტუმრობისას საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ისაუბრა. ნატალია ბახტაძის თქმით, ე.წ რუსული კანონი აზიანებს ინდუსტრიას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ტურიზმის სტრატეგიას.

ყველა ვიზიტორს აქვს თავისი პროფილი, ჩვენი ძირითადი ტურისტული შეთავაზება აწყობილია ევროპელ ვიზიტორზე, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასეთი სურვილი გვქონდა. უკვე არის საუბარი იმაზე, რომ ძალიან ბევრი ჯავშანი უქმდება, მე რაც მითხრეს დაიწყო, კონკრეტულად სტატისტიკა არ გამოგვითხოვია, მაგრამ გამოვითხოვთ ამასაც. მე მგონია, რომ ეს თვისობრივად შეცვლის ტურიზმის მდგომარეობას, ყოველ შემთხვევაში ხარისხიანი ტურისტული მომსახურების რეალიზაციის შესაძლებლობას საქართველოში“,- განაცხადა ნატალია ბახტაძემ.

კითხვაზე, კანონის მიღებით მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით უნდა ისმოდეს თუ არა ხმამაღლა ტურიზმის ინდუსტრიის ხმა, ნატალია ბახტაძე პასუხობს, რომ სამწუხაროდ, ტურიზმის სექტორი საფრთხეებზე პოსტფაქტუმ რეაგირებს.

„სამწუხაროდ, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია მერე იღებს ხმას, როცა ფაქტი დგება- პოსტფაქტუმ, სამწუხაროდ. პრევენციული მიდგომა ჯერჯერობით ვერ ვისწავლეთ, თუმცა არსებული მოცემულობა არის ერთი. მე მინდა ტურიზმის სექტორს გავახსენო ერთი კონკრეტული მაგალითი, მაშინ როცა გერმანიამ ამოგვიღო საფრთხის შემცველი ქვეყნების სიიდან, როგორი ტიპის ნაკადი წამოვიდა გერმანიიდან საქართველოში. ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც იტყვის, რომ საქართველო მოგზაურობა არ არის რეკომენდებული სახელმწიფოს მიერ და ის ადამიანი მაინც გადაწყვეტს იმოგზაუროს საქართველოში, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფომ გააფრთხილა... ბუნებრივი ის, რაც ჩვენ გვიწერია ტურიზმის სტრატეგიაში, გვინდოდა მაღალმხარჯველუნარიანი, ევროპელი ტურისტი, ფაქტობრივად ჩვენი სტრატეგიის წინააღმდეგ მივდივართ“,-აცხადებს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე.

„ჩვენ აქ გვაქვს ყველაზე დიდი შიში, რამაც გარდა სტიგმატიზაციისა, შეიძლება ხელი შეუშალოს ჩვენს ფუნქციონირებას მომავალში“- ნატალია ბახტაძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რასაც ინდუსტრიას ე.წ რუსული კანონის მიღება შეუქმნის.

„ჩვენს პარტნიორებს ჯერჯერობით ჰგონია, რომ არ იქნება ეს კანონი მიღებული, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური პოზიცია ასეთია. რაც შეეხება ახალ პროექტებს, ნებისმიერი ახალი პროექტი რომ მიიღო, თუ ხარ უკვე რეგისტრირებული რეესტრში, სადაც შენი საკუთარი ქვეყანა გაღიარებს, როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას, ნებისმიერ გრანტში რაშიც მიგვიღია მონაწილეობა, პირველ რიგში წერია, ვის არ შეუძლია გრანტზე წარადგინოს განაცხადი, რელიგიური დაჯგუფება, პოლიტიკური ორგანიზაციები, ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტულ ინტერესებს ატარებენ და არ არიან დარგობრივი ასოციაციები, ჩვენ ვეღარ მივიღებთ ვერანაირ მონაწილეობას ვერცერთ ახალ წამოწყებაში, რადგან ფორმატი არ მოგვცემს ამის საშუალებას.

ასეთი კანონი მიიღეს ბელარუსში. თავიდან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ ბელარუსში და გვქონდა საერთო პროექტები, საუბრობდნენ, რომ არ შეიძლება შეეხოს ასეთ ორგანიზაციებს, მაგრამ შემდეგ ეს ორგანიზაციები დაიხურნენ ანუ ჩვენ მაგალითზე ვიცით, რა შეიძლება დაგვემართოს“,-აცხადებს ნატალია ბახტაძე.

„ოცნების“ მიერ გამჭვირვალობის სახელით ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები