„როცა ასეთი განცხადება ხვდება საერთაშორისო მედიის ჰედლაინებში, როცა ხდება სახელმწიფო, საჯარო თანამდებობის პირების სანქცირება და ისინი საკმაოდ მძიმე სიის წევრები ხდებიან, ბუნებრივია, ეს აუარესებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს“,- ამის შესახებ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში BLB-ის მმართველმა პარტნიორმა კახა შარაბიძემ აშშ-ს ხაზინის მიერ საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების თემაზე საუბრისას განაცხადა.
იურისტის შეფასებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური ვითარება იმდენად გართულდა, ინვესტორები ამ ეტაპზე საქართველოს საინვესტიციო ქვეყნად აღარ განიხილავენ და დაკვირვების რეჟიმში არიან.
„ეს შეეხება განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრებს, ეს შეეხება დასავლეთის კაპიტალის ბაზრებს, საერთაშორისო კომპანიებს, რომელთათვის უფრო და უფრო რთულდება ქვეყანაში ინვესტიციის მოზიდვა. ამას რომ დავამატებთ რეგიონში არსებულ ვითარებას, რუსეთ-უკრაინის ომს, ისრაელიც ახლოს არის, ღაზაც, საერთო ჯამში, ეს კიდევ უფრო ამუქებს ჩვენს საკმაოდ არამიმზიდველ გარემოს.
აღარც არის გასაკეთებელი პროგნოზი, ფაქტების დონეზე ვხედავთ, რომ დაახლოებით ბოლო 6 თვის განმავლობაში რაც აირია ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება და ძალიან ცუდი ჰედლაინებით გამოირჩევა ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ძალიან ბევრი არსებული პროექტი დაპაუზდა, ძალიან ბევრ პროექტზე ინვესტორმა უარი თქვა, ძალიან ბევრ გაფართოების, წინსვლის პროექტზე ინვესტორები თავს იკავებენ და აკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ეს აღარ არის პროგნოზი, ეს არის ის, რაც ხდება.
გაიხსენეთ ბოლო პერიოდში რომელიმე მსხვილი კომპანია თუ შემოვიდა ახალი ან რომელიმე მსხვილი პროექტი დაიწყო! ჩვენი ფირმა მეტწილად ემსახურება ინვესტორებს, საერთაშორისო გარიგებებშია ჩართული და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დაკვირვებით ამ გარიგებების რიცხვმა იკლო და თან აშკარად იკლო და ეს ტენდენცია გრძელდება“,-განაცხადა კახა შარაბიძემ.