მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალიან გვიჭირს უცხოურ კომპანიებს საფასო კუთხით კონკურენცია გავუწიოთ“ - RIA Travel Georgia

64660b301be1c
ნანუკა ნარიმანიძე
19.05.23 21:47
764
საქართველოს ბაზარზე უცხოური ტურისტული კომპანიების დომინირების გამო ქართულ კომპანიებს მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება და საფასო კუთხით კონკურენციის გაწევა უჭირთ - ამის შესახებ RIA Travel Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა მარიამ ხოსროშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„საქართველოში მცხოვრები ეგვიპტელები, ერაყელები, რომლებსაც აქვთ რეზიდენტობა და დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობენ, გვავიწროებენ ქართულ კომპანიებს. ისინი ბაზარზე პოზიციონირებას დემპინგის საშუალებით ახდენენ, ასეთ პირობებში კი ძალიან გვიჭირს ბაზარს ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ, თუნდაც ფასის კუთხით. უცხოური კომპანიები განთავსების ობიექტის კუთხით ახერხებენ და იღებენ მისაღებ ფასს, რადგან, ხშირ შემთხვევაში ქართული კომპანიები უცხოური კომპანიების მიმართ ლოიალურები არიან, სწორედ ამიტომ, ქართული კომპანიები ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში ვდგებით და მათ საფასო კუთხით კონკურენციას ვერ ვუწევთ“, - აღნიშნავს ის.

გენერალურმა მენეჯერმა განმარტა, რომ ქართული კომპანიები ყველაზე დიდ გამოწვევებს აჭარის მიმართულებით ხვდებიან.

„ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით აჭარის, ბათუმის მიმართულებით, სადაც ფასის დემპინგი ხდება და გალფის ქვეყნები აქტიურად პოზიციონირებენ ჩვენს ბაზარზე. ვხედავთ, რომ ბაზრის დივერსიფიცირება ისეთი სწრაფი ტემპებით არ ხდება, როგორითაც უნდა ხდებოდეს, ასეთ ფონზე კი განვითარება ძალიან რთულია“, - ამბობს ის.

ამასთან, მარიამ ხოსროშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ევროკავშირის ქვეყნების წილი ბაზარზე გაიზარდოს.

„ქვეყანაში ტურიზმი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროა, თუ არ ჩავთვლით მეზობელ ქვეყნებს, დარჩენილი ქვეყნების 80%-დან ევროკავშირის ქვეყნების წილი მხოლოდ 5-7%-ია, რის გაზრდასაც ვისურვებდით, რადგან ეს ქვეყნები ხარისხიან მომსახურებასა და ტურისტული კომპანიის პორტფოლიოს უფრო დიდ პატივს სცემენ, ვიდრე სხვა ქვეყნები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ბაზარზე მაღალ მხარჯველ-უნარიანი სეგმენტი განვითარდეს“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, ტურისტული კომპანია RIA Travel Georgia გასულ წელს დაარსდა, კომპანიის ფილიალი აღმაშენებლის 108 ნომერში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები