Georgia Destination Management-ის დამფუძნებელი გიორგი შენგელია ამბობს, რომ წელს გამყვანი ტურიზმისთვის ცუდი სეზონი იყო, თუმცა საერთაშორისო ვიზიტორები პირიქით ბევრი მიიღო ქვეყანამ.
“წლევანდელი სეზონი გამოწვევებით გამოირჩეოდა, რადგან ერთი მხრივ საქართველოს ნაკრების მონაწილეობამ ევროპის ჩემპიონატზე ახალი იმპულსი მისცა ბიზნესს და ძალიან ბევრმა მოქალაქემ იმოგზაურა გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად, თუმცა ამის მიღმა ძალიან მძიმე სეზონი იყო გამყვანი ტურიზმისთვის. მოგზაურობას ხელი შეუშალა ჯერ გაზაფხულზე აქციებმა, რის გამო მოსახლეობას სურვილი არ ჰქონდა [გასულიყო ქვეყნის გარეთ] და ამიტომ იკლო ავიაბილეთების და სამოგზაურო ტურების გაყიდვებმა. ზაფხულის შემდეგ დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი ეს დრო ტრადიციულად დაბალი აქტივობით გამოირჩევა", - ამბობს ის.
შენგელიას თქმითვე, შემომყვანი ტურიზმის კუთხით ზაფხულის სეზონი უფრო წარმატებული იყო და საკუთარი კომპანიის მაგალითზე ამბობს, რომ წელს ტურისტების რაოდენობის მხრივ შესაძლოა რეკორდული წელიც იყო. Georgia Destination Management-ი საქართველოში ასევე წარმოადგენს თურქულ ბიუჯეტურ კომპანია Pegasus-ს.
“ქუთაისის აეროპორტი საკმაოდ რთული გამოდგა [Pegasus-ისათვის] ზაფხულის სეზონზე, რადგან საფასო ნაწილში დიდმა კონკურენციამ არ მისცა ჩვენს ავიაკომპანიას იმის შესაძლებლობა რომ ძალიან მაღალშემოსავლიანი სეზონი ჰქონოდა. მაგრამ მომხმარებელს სტაბილურად მოვემსახურეთ, დატვირთულობა საკმაოდ მაღალი იყო, ფასები მოლოდინზე უფრო დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა და Wizz air-თან კონკურენციაში მაინც წარმატებულად შეფასდა.
მომავალი საზაფხულო სეზონისთვის ყოველდღიური ფრენებისთვის ვემზადებით ქუთაისის აეროპორტიდან. შესაბამისად, ეს პირველი სატესტო წელი მაინც წარმატებულად ჩავაბარეთ. რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, აქ დიდი ზრდა გვქონდა როგორც სტამბოლის, ისე ანტალიის მიმართულებით”, - ამბობს შენგელია და ამატებს, რომ თბილისის აეროპორტში მგზავრების რეკორდული მაჩვენებელი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შედეგიც არის.
“ბუნებრივი განვითარება, რომელსაც ჩვენ ვამჩნევთ [საავიაციო ბაზარზე] უფრო აღმოსავლეთიდან შეინიშნება. ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას მოჰყვა ჩინური ავიაკომპანიების ყოველდღიური ავიარეისები, ამიტომ იქიდან მოველით ტურისტული ნაკადების ძალიან დიდ ზრდას. ასევე ბუნებრივად იზრდება ინდოეთიდან ვიზიტორები. ასევე მატება გვაქვს ახლო აღმოსავლეთიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. ვფიქრობ, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ვფიქრობ, თუ ქვეყანაში შევინარჩუნებთ სტაბილურობას და საქართველო გააგრძელებს იმ გზით განვითარებას, რაც გაცხადებულია დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია გაგრძელდება და შენარჩუნდება. თუმცა დღევანდელ ვითარებაში არსებული პრობლემური საერთაშორისო კრიზისის ფონზე, ცოტა გაურკვეველია მომავალი წელი როგორი იქნება”, - ამბობს შენგელია.