"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საგარეო ვაჭრობის 39%-ით ზრდა, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქვეყნისთვის.
საქმე ის არის, რომ იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა ნამდვილად 39%-ით გაიზარდა და იმპორტმა 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45%-ით მეტია. თუმცა, იმპორტის ასეთი მატება განაპირობა საქართველოში ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტის რეკორდულმა მაჩვენებელმა, კერძოდ იანვარში ქვეყანაში შემოვიდა 481 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები, რაც წლიურად 2 მილიონი პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო ქანდაკებების იმპორტის მოცულობამ 33 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 75 ათასი პროცენტით არის გაზრდილი. ჯამში ქანდაკებები და ნახატები 516 მილიონ დოლარს შეადგენდა 1.6 მილიარდიანი იმპორტიდან.
„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი - 2025 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის,“- განაცხადა კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ , რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული სახით გამოქვეყნებული იანვრის მონაცემები, თუმცა წინასწარი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს.




























