მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძალიან მნიშვნელოვანია ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა" - ირაკლი კობახიძე ქემოკლიძის საქმეზე

კობახიძე
11.10.25 16:23
1238

"ოცნების" მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე გიორგი ქემოკლიძის საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა.

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს გიორგი ქემოკლიძეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ, რათა ამ უკანასკნელს მის მიმართ განხორციელებული ვითომდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი გამოეყენებინა პირადი ინტერესებისათვის, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

"ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია, ბოლომდე ჩაეძიოს ამ ყველაფერს. მოტივი გასაგებია ხომ, ლოგიკურად ეს არის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, შესაძლოა, ეს იყოს პატიმრისთვის რაღაც მდგომარეობის შეცვლა გარკვეული მიმართულებით, შესაბამისად, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში. გახსოვთ, რა ვითარება იყო პენიტენციურ დაწესებულებებში 2012 წლამდე, წამების ინსტრუმენტად იყო ქცეული ციხეები და ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ ვითარება, არცერთი წამების, თუ არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა აღიარებს. ჩვენი ოპონენტი პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც გამოდიან ციხიდან, აღიარებენ იმას, თუ როგორ რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება სასჯელაღსრულების სისტემაში და როგორ არის თავიდან ბოლომდე დალაგებული და აწყობილი სისტემა. ამიტომ ამ მიღწევას ბოლომდე ვუფრთხილდებით და შესაბამისად, ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა არის ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი,“- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები