"ძალიან მზარდია ქუთაისის აეროპორტის როლი ტვირთბრუნვის კუთხითაც" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.
"თბილისის აეროპორტში ტვირთნაკადის ზრდამ 50 პროცენტი შეადგინა, ქუთაისის აეროპორტის ლოკაცია და განლაგება უნიკალურია - ის ძალიან ახლოსაა ავტომაგისტრალთან და ნავსადგურებთან, შედეგად, ძალიან მზარდია ქუთაისის აეროპორტის როლი ტვირთბრუნვის კუთხითაც.
აღნიშნულ აეროპორტში სახელმწიფო ახორციელებს 240 მლნ ლარის ინვესტიციას და ვაშენებთ ახალ ასაფრენ - დასაფრენ ზოლს იმისთვის, რომ მივიღოთ ყველა ტიპის ბორტი ქუთაისში, ასევე ვმუშაობთ ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის მიმართულებითაც", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით დღეს აეროპორტი "მაქსიმუმზე მუშაობს".
„მგზავრთნაკადმა 5 მლნ მგზავრს გადააჭარბა და აეროპორტი გაფართოებას საჭიროებს. სახელმწიფოს ქვეყანაში საავიაციო სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა აქვს, რომლის მიხედვითაც 2031 წლის ბოლომდე ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი ამოქმედდება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევსულიყავით კომპანია „ტავ ჯორჯიასთან“ მოლაპარაკებაში - შედეგად, მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაორმაგდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა - ის 10 მლნ მგზავრამდე გაიზრდება, ასევე 50 პროცენტით მოიმატებს უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურა, ასევე გაიზრდება როგორც საპარკინგე ზონა, ისე თვითმფრინავების სადგომები,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.



























