გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სახელმწიფო ენოთეკაში არსებული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების ან არტეფაქტების ფასის დადგენა საკმაოდ სპეციფიკური სფეროა.
ამის შესახებ ზურაბ ეზუგბაიამ „ვაზის და ღვინის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების წარდგენისას განაცხადა, როდესაც მას საპარლამენტო უმცირესობამ ენოთეკაში არსებული ღვინის რეალიზაციის დეტალებზე ჰკითხეს.
საქმე ის არის, რომ სახელმწიფო ენოთეკის მართვის და მასში არსებული ალკოჰოლური სასმელების განკარგვა/გაყიდვის უფლებამოსილება კანონით ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა. 2 დღეში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები შალვა კერესელიძე და სოფიო ხორგუანი დაინტერესდნენ - როგორ მოხდება ენოთეკაში არსებული სასმელების განკარგვა ახალი წესით, რომელსაც მთავრობა დაადგენს, ხომ არ გაჩნდება ამით კორუფციული რისკები და როგორ განისაზღვრება ამ სასმელებისა თუ ტარის ფასი.
მინისტრის მოადგილეს კორუფციულ რისკებზე ყურადღება არ გაუმახვილებია და აღნიშნა, რომ პირველადი რეგულირების ჩარჩოს შექმნის გარეშე ფასის დადგენა შეუძლებელი იქნება.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აქ მხოლოდ [სასმელების] განკარგვაზე არ მიდის ლაპარაკი, საუბარია საერთოდ სახელმწიფო ენოთეკის ინსტიტუტის ტერმინის და ოქროს სტანდარტის შემოღებაზე, რაც სახელმწიფო ენოთეკის ცნების ჩამოყალიბებას გულისხმობს. კანონში ცალსახად აღნიშნულია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს კომპეტენცია ხდება სახელმწიფო ენოთეკის შექმნა, მართვა, ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ღვინისა და სპირტიანი სასმელების კოლექციის ფორმირება, შენახვა, აღრიცხვა, განახლება, შევსება - ეს ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სათანადო მოვლას, სათანადო პატრონობას, ტექნიკური სტანდარტების დადგენას ელემენტარულად ტენიანობის, ტემპერატურის და შენახვის პირობების კუთხით, განახლების კუთხით და ბუნებრივია, პერიოდულად, მათ შორის, იქნება კოლექციიდან განკარგვის აუცილებლობაც.
რაც შეეხება ფასის დადგენას, ფასს ბაზარი ადგენს - საწყისი ფასი, რომლითაც განკარგვა მოხდება აუქციონის წესით ან სახელმწიფო ექსპერტიზის მეშვეობით დადგინდება. აქ მხოლოდ ღვინოზე და სპირტიან სასმელზე არ არის, საქმე შეიძლება არტეფაქტთან გვქონდეს, როდესაც ღვინისა და სპირტიანი სასმლის თვისებები იკარგება... ან ფიზიკურად ის გამქრალია და მხოლოდ ტარა, შეფუთვაა დარჩენილი, რომელსაც მაინც შეიძლება ჰქონდეს თავისი ღირებულება. ესეც ძალიან სპეციფიკური სფეროა, რომელიც საჭიროებს სათანადო საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას, რისი გაკეთებაც შეუძლებელი იქნება, თუ პირველ რიგში საკანონმდებლო ბაზა არ ჩამოყალიბდა და პირველადი რეგულირება არ შეიქმნა“, - განმარტა ზურაბ ეზუგბაიამ.
ცნობისთვის: საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, არსებულ “ღვინის ქარხანა №1”-ის სარდაფში დაცული რარიტეტული ღვინოების უნიკალური კოლექცია გადაეცა, რომელიც 20 000-მდე ეგზემპლარს აერთიანებს. სწორედ მიმდინარე წლის მაისში გახდა ცნობილი, რომ ამ კოლექციის სრულფასოვანი შესწავლის შემდეგ შერჩეული უნიკალური ლოტები აუქციონებზე გაიყიდებოდა.
მაშინ ენოთეკის ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ. კოლექცია მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება და მასში დაცულია ნაპოლეონ ბონაპარტთან, ალექსანდრე მესამესთან, ნიკოლოზ მეორესთან, იოსებ სტალინთან და სხვა ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებული უნიკალური ნიმუშები.
წლის დასაწყისში მთავრობაში აცხადებდნენ, რომ უნიკალური ენოთეკის გახსნა და მისი შესწავლა შესაძლებელს გახდის ქართული ღვინო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში და წარმოდგენილი ნიმუშები მსოფლიოს მსხვილი აუქციონების ლოტებად იქცეს.
























