სახელმწიფო ენოთეკის მართვა ღვინის ეროვნულ სააგენტოს კანონით დაევალა. უწყება ენოთეკიდან სასმელების და ტარის განკარგვას ანუ გაყიდვასაც შეძლებს - ამას ითვალისწინებს „ვაზისა და ღვინის კანონში“ შესული ცვლილებები, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა 2 დღეში განიხილა და დაჩქარებული წესით 69 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო.
„სახელმწიფო ენოთეკის ინსტიტუტისა და რეგულაციების შემოღებით ქართული ღვინის ფენომენი და საგანძური დაცული იქნება“ - ასეთი იყო პლენარულ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ზურაბ ეზუგბაიას განაცხადი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებების მესამე მოსმენაზე წარდგენისას. აღნიშნული ცვლილებებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მანდატი იზრდება და სააგენტო ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხსა და სერტიფიცირებას არა მხოლოდ წარმოების ეტაპზე, არამედ ადგილობრივ ბაზარზეც გააკონტროლებს. ეს ნიშნავს, რომ მისი კონტროლი პროდუქციის წარმოებიდან მაღაზიებსა და ბაზრებზე რეალიზაციამდე გავრცელდება.
გარდა ამისა, "ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებებით, ტერმინი - სახელმწიფო ენოთეკა და მისი განმარტება საკანონმდებლო დონეზე ჩნდება. კანონის მე-3 მუხლს ემატება "ჰ⁵³" პუნქტი, სადაც წერია:
"სახელმწიფო ენოთეკა - ღვინისა და სპირტიანი სასმლის შენახვისა და კოლექციონირების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად მოწყობილი სივრცე, სადაც დაცულია სხვადასხვა სახეობის, წარმოშობისა და მოსავლის წლის ღვინისა და სპირტიანი სასმლის კოლექცია".
შედეგად, ენოთეკასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებასა და განკარგვაზე უფლებამოსილი კი ღვინის ეროვნული სააგენტო ხდება.
უფრო კონკრეტულად, ენოთეკის ნაწილში ღვინის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო ენოთეკის შექმნის, მართვის და ფუნქციონირების უზრუნველყოფის, ღვინის კოლექციის ფორმირების, შენახვის, აღრიცხვის, განახლების და შევსების, აგრეთვე ენოთეკაში დაცული ღვინოების, სპირტიანი სასმლის, ასევე ტარის შესახებ შესაბამისი ინფორმაციისა და მონაცემთა სისტემატიზაციის, აგრეთვე განკარგვის - გაყიდვა-გასხვისების უფლებამოსილება ემატება.
იცვლება ენოთეკაში განთავსებული ღვინის, სპირტიანი სასმელებისა და ტარის გასხვისების ან სხვა ფორმით განკარგვის წესიც - ამისთვის ცვლილებები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შედის. შედეგად, სახელმწიფო ენოთეკაში განთავსებული ღვინის, სპირტიანი სასმლისა და ტარის (მათ შორის ცარიელი ტარის) გასხვისებასა ან სხვა სახით განკარგვაზე სახელმწიფო ქონების განკარგვის საერთო ნორმები არ გავრცელდება. მათი განკარგვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სპეციალური წესით მოხდება, რომელიც მთავრობამ 2027 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა მიიღოს.
„სახელმწიფო ენოთეკასთან დაკავშირებული დებულებები ამოქმედდება 2027 წლის 1 აპრილიდან. ვინაიდან, საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს „სახელმწიფო ენოთეკის შექმნის, ფორმირების, ფუნქციონირებისა და განკარგვის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება, შესაბამისად, სახელმწიფო ენოთეკასთან დაკავშირებული დებულებების პრაქტიკული განხორციელების უზრუნველსაყოფად, განისაზღვრება მათი 2027 წლის 1 აპრილიდან ამოქმედება“, - წერია განმარტებით ბარათში.
სახელმწიფო ენოთეკაში განთავსებული ღვინო და სპირტიან სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას არ დაექვემდებარება. კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ აღნიშნული გავლენას მოახდენს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს საკუთარ შემოსავალზე, ვინაიდან ამ მიმართულებით არ მოხდება მის ბიუჯეტში შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემისთვის განსაზღვრული საფასურის მიმართვა.
კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ღვინის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ენოთეკის შექმნისა და მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს არ მიიღებს. საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ამ ხარჯებს სააგენტო მისთვის გამოყოფილი ბიუჯეტით და საკუთარი შემოსავლებით დაფარავს.
„სახელმწიფო ენოთეკის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება ენოთეკისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებზე, მათ შორის, სივრცის, შენახვის პირობების, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მოთხოვნებზე, აგრეთვე არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყენების შესაძლებლობაზე. აღნიშნული კრიტერიუმები განისაზღვრება 2027 წლის 1 აპრილამდე, რის შემდეგაც, არსებული რესურსების შეფასებისა და შესაბამისი ბაზრის კვლევის საფუძველზე, ხარჯების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ღვინის ეროვნულ სააგენტოში არსებული ენოთეკის, მასში განთავსებული კოლექციისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ენოთეკისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი გამოყენების შესაძლებლობა. დამატებითი ადამიანური რესურსის საჭიროება შეფასდება სახელმწიფო ენოთეკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამუშაოების მოცულობისა და სააგენტოს არსებული თანამშრომლების მიერ მათი შესრულების შესაძლებლობის გათვალისწინებით. შესაბამისი ხარჯების გამოყოფა განხორციელდება სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსათვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საკუთარი შემოსავლებიდან“, - წერია განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის: საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, არსებულ “ღვინის ქარხანა №1”-ის სარდაფში დაცული რარიტეტული ღვინოების უნიკალური კოლექცია გადაეცა, რომელიც 20 000-მდე ეგზემპლარს აერთიანებს. სწორედ მიმდინარე წლის მაისში გახდა ცნობილი, რომ ამ კოლექციის სრულფასოვანი შესწავლის შემდეგ შერჩეული უნიკალური ლოტები აუქციონებზე გაიყიდებოდა.
მაშინ ენოთეკის ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ. კოლექცია მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება და მასში დაცულია ნაპოლეონ ბონაპარტთან, ალექსანდრე მესამესთან, ნიკოლოზ მეორესთან, იოსებ სტალინთან და სხვა ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებული უნიკალური ნიმუშები.
წლის დასაწყისში მთავრობაში აცხადებდნენ, რომ უნიკალური ენოთეკის გახსნა და მისი შესწავლა შესაძლებელს გახდის ქართული ღვინო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში და წარმოდგენილი ნიმუშები მსოფლიოს მსხვილი აუქციონების ლოტებად იქცეს.
























