მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძალიან ცუდი დღე უთენდებათ კერძო უნივერსიტეტებსაც"| ლიკა ღლონტის ანალიზი და პროგნოზი

ლიკა ღლონტი

უმაღლესი განათლების ექსპერტ ლიკა ღლონტის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების რეფორმამ, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე საგრანტო წესის გაუქმებაა, კერძო უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაში „საკმაოდ მძიმე სურათი“ შექმნა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც აბიტურიენტების მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას გაკეთებული პირველადი არჩევანის შესახებ მონაცემები გააანალიზა.

მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოფიციალურ სტატისტიკას აგვისტომდე (საბოლოო არჩევანის ვადის ამოწურვამდე) არ აქვეყნებს, ექსპერტმა უკვე დაამუშავა ის მონაცემები, რომლებიც თავად უნივერსიტეტებს გააჩნიათ. პირველადი რიცხვები აჩვენებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამებზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ მაღალია, რასაც ადასტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრიც, კერძო სექტორში კი, მოთხოვნის ვარდნა ფიქსირდება.

ლიკა ღლონტის შეფასებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართ გაზრდილი ინტერესი არა - განათლების ხარისხის მოულოდნელი ნახტომით, არამედ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონით არის განპირობებული.

„ტენდენცია გვიჩვენებს იმას, რომ ფინანსურ კომპონენტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა აბიტურიენტების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში... ეს არის კარგი ინდიკატორი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადახდისუნარიანობის. ანუ, ყველასთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, სად იქნება სასწავლო გრანტი და, რასაკვირველია, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოთხოვნა უფრო მაღალია“, - აღნიშნავს ექსპერტი.

ექსპერტი პროგნოზირებს, რომ „ოცნების“ განათლების რეფორმით გამოწვეულ ეკონომიკურ წნეხს ბევრი კერძო სასწავლებელი ვერ გაუძლებს.

"ძალიან ცუდი დღე გაუთენდება და უკვე უთენდება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ - იქაც, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, საკმაოდ დაბალი არის მოთხოვნა. თავიანთი შიდა რესურსებით რამდენიმე კერძო სასწავლებელი ერთი-ორი წელი ამ სიტუაციას ნამდვილად გაუძლებს და მერე უკვე ვეღარ შეინახავენ თავიანთ აკადემიურ პერსონალს, ან ძალიან დიდ შენობებს, რომლებიც მათ ააშენეს“, - აცხადებს ლიკა ღლონტი.

მისი თქმით, გაუგებარია ხელისუფლების ლოგიკა, როდესაც კერძო უნივერსიტეტებს, როგორც ბიზნესის ნაწილს, თავისუფალ კონკურენციაში ტოვებს, თუმცა პარალელურად უსპობს შემოსავლის მთავარ წყაროს - სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების მიღების შესაძლებლობას.

ლიკა ღლონტის განცხადებითვე, კერძო უნივერსიტეტებისთვის სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის რეალობა, რაც საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის კუთხით ფიქსირდება. მისი ანალიზით, პირველადმა მონაცემებმა უკვე აჩვენა, რომ არასამედიცინო მიმართულებებზე უცხოელი სტუდენტების ინტერესი მკვეთრად დაბალია და საინტერესოა, სამედიცინო პროგრამებზე როგორი იქნება უცხოელი

"იცით რა, სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობია - ეს ინფორმაცია [თავდაპირველად, მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვას გეგმავდა] ერთხელ უკვე გაჟღერდა, მერე უკან დაატრიალეს ეს ამბავი და თქვეს, რომ სახელმწიფო სასწავლებლებში იქნება უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება, თუმცა სახელი გაფუჭდა და ცუდი რეპუტაცია გარკვეულ წრეებში უკვე გავიდა. ამიტომ, ძალიან საინტერესო იქნება იმის ნახვა, მოხერხდა თუ არა ამ საკითხების მოწესრიგება და იგივე რაოდენობის სტუდენტები შემოვლენ თუ არა, ვთქვათ, მედიცინის პროგრამებზე“, - აღნიშნა მან.

ლიკა ღლონტი მიიჩნევს, რომ განათლების რეფორმის უკან არ დგას განათლების ხარისხის გაუმჯობესება ან შრომის ბაზრის საჭიროებები. მისი თქმით, მთავარი მოტივი განათლების სისტემიდან თანხების მაქსიმალური დაზოგვაა, რასაც მალე სახელმწიფო უნივერსიტეტებიც იგრძნობენ, რომლებმაც მაისშიც კი არ იციან საკუთარი წლევანდელი ბიუჯეტი და ერთ სტუდენტზე გათვლილი დაფინანსების მოდელი.

„ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ მიზანი არ არის სასწავლებლების რაოდენობის შემცირება, პროფესორების რაოდენობის შემცირება და ასე შემდეგ... მივდივართ შემცირებისკენ. ერთადერთი ლოგიკა არის თანხების დაზოგვა“, - ამბობს უმაღლესი განათლების ექსპერტი და დასძენს, რომ წლევანდელი შედეგები, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რიგი პროგრამების ჩასახსნელად, უნივერსიტეტების ხელოვნური შერწყმისა და აკადემიური პერსონალის გასათავისუფლებლად.

"წიწილების დათვლა მოგვიწევს სექტემბერში"|რას აჩვენებს აბიტურიენტების პირველადი არჩევანი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები