საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს არასაკმარისი მტკიცებულებებით დასაბუთების, დაინტერესებული მხარეების არასაკმარისი ჩართულობის, რეფორმის სწრაფი და ცენტრალიზებული განხორციელებისა და ფუნდამენტური ღირებულებებისთვის შექმნილი საფრთხეების გამო. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ "2026 წლის გაფართოების პაკეტის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.
"აღნიშნული შეშფოთება, განსაკუთრებით, უკავშირდება ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, აგრეთვე ინსტიტუციური ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების პატივისცემას",- წერია დოკუმენტში.
ანგარიშის შესაბამის თავში ვკითხულობთ, რომ საქართველო განათლებისა და კულტურის სფეროში საშუალო დონით არის მომზადებული და საანგარიშო პერიოდში პროგრესი არ დაფიქსირებულა.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს უმაღლესი განათლების სისტემაში არაერთი ცვლილება განხორციელდა. შეიცვალა უნივერსიტეტების დაფინანსების წესი, გაუქმდა საგრანტო დაფინანსება. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა გახდა უფასო. გარდა დაფინანსების წესის ცვლილებისა რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის მოდელი და საჯარო უნივერსიტეტებში შემცირდა როგორც აკადემიური პროგრამები, ისე მისაღები კონტინგენტი.
























