ევროკომისიის გაფართოების წლევანდელი ანგარიში ყველაზე მკაცრია, რაც კი გასულ წლებში საქართველოს მიმართ გამოქვეყნებულა - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ალექსანდრე მიშველიძე აცხადებს.
“საქმის კურსში” სტუმრობისას მან აღნიშნა, რომ ანგარიშში პირდაპირ არის ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველოში განვითარებული ანტიდემოკრატიული მოვლენების ფონზე, ქვეყნის თავსებადობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შემცირებულია.
ალექსანდრე მიშველაძე ამბობს, რომ ანგარიშში და ევროკომისიის წარმომადგენლების განცხადებებში არის მინიშნებები, რომ საქართველოში ანტიდემოკრატიული პროცესების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუტი უკვე ოფიციალურად დაკარგოს.
“მიმდინარე გაფართოების ანგარიში არის ძალიან მკვეთრად კრიტიკული და მკაცრი. რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყანაში ევროკავშირის სრული დემონიზაცია ხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდანაც შეინიშნება გარკვეული გამკაცრება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე რჩება, მაგრამ იქნა მინიშნება, რომ თუ კვლავ გაგრძელდება მკაცრი რიტორიკა, ევროკავშირის დემონიზაცია და კონფრონტაცია, რასაც პირდაპირ აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, შესაძლოა ეს კანდიდატის სტატუსიც აღარ იყოს და საქართველოსთან უკვე გადაიხედოს გაწევრიანების პროცესში მოლაპარაკებები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა უკვე აღარ განიხილება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად. ეს იყო გაფართოების კომისრის მხრიდან ყველაზე მკაცრი გზავნილი, რაც მენიშნა.
რაც შეეხება თავად ანგარიშს, ანგარიში არის ძალიან მკაცრი და ყოვლისმომცველია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, რაც არ უნდა აბაკუნოს ფეხები „ქართული ოცნების“ პრემიერმა და რაც არ უნდა პოლიტიკური “ტანტრუმი” დაიმართოს, ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, მან უნდა შეასრულოს კოპენჰაგენის კრიტერიუმები. კოპენჰაგენის კრიტერიუმები გულისხმობს კანონის უზენაესობას, პლურალისტურ დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას; ეკონომიკური კრიტერიუმები, რომელიც გულისხმობს ფუნქციონირებად საბაზრო ეკონომიკას და თავსებადობას ევროკავშირის ეკონომიკასთან; და ასევე სამართლებრივი არგუმენტები, როდესაც რეგულაციები და დირექტივები უნდა იყოს შესაბამისობაში მოსული.
„ქართულმა ოცნებამ” რაც არ უნდა აბაკუნოს ფეხები, თავისი წესებით ვერ მიიღებს ევროკავშირი. ანუ იქ არის ყველაფერი გაწერილი: რა უნდა შესრულდეს, როგორ უნდა შესრულდეს. არ შეიძლება პლურალისტური დემოკრატიის უგულებელყოფა, არ შეიძლება პარტიების აკრძალვა, იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელია.
ასევე მნიშვნელოვანია ის, საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან უკვე 38%-მდე შემცირდა, როდესაც სხვა კანდიდატ ქვეყნებს, მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ან მოლდოვას 80-100% აქვთ თავსებადობა. ჩვენ არ გვაქვს თავსებადობა, მიდის ევროკავშირის ინსტიტუტების ლანძღვა და შეურაცხყოფა. წინა ხელისუფლებისგან მოყოლებული, ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული ყველა ანგარიში მინახავს და ასეთი მკაცრი არაფერი მინახავს, რაც არის ამ ანგარიშში ჩაწერილი”, - განაცხადა ალექსანდრე მიშველიძემ.
ცნობისთვის, როგორ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი, ფუნდამენტური პრინციპების მიმართ უკუსვლა ადასტურებს, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზე რჩება ევროკავშირის კანდიდატად. ევროკომისიის განცხადებით, თუ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს, საქართველო კვლავ ვერ ისარგებლებს კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანების პროცესის უპირატესობებით.
























