მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან ვწუხვართ. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის - ილია დარჩიაშვილი ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე

ილია დარჩიაშვილი
25.09.24 21:10
248

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამწუხაროს უწოდებს აშშ-ის მხრიდან ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას.

„გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის მხრიდან არის მიღებული, ძალიან სამწუხაროა. საქართველოს ხელისუფლება, როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას, ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ორმხრივ ფორმატში. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით მზადყოფნას ღია, გახსნილი, გულწრფელი დიალოგისთვის და დღესაც იმავე პოზიციას ვინარჩუნებთ, მიუხედავად ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებისა.

მიგვაჩნია, რომ დიალოგს, აზრების ურთიერთგაცვლას ალტერნატივა არ აქვს. არსებობს საკითხები, რომლებზეც ქვეყნებს აქვთ სხვადასხვა შეხედულება. დიალოგი და პარტნიორობა ჩვენ ვიცით სწორედ ამ მიმართულებით – როდესაც ღია, გულწრფელი დიალოგია. დიალოგი არის ერთადერთი გზა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ისაუბრონ ურთიერთობების გაღრმავებაზე და განვითარებაზე. ვწუხვარ, რომ საქართველოში ზოგიერთი მედიასაშუალება კვლავ დაკავებულია ტყუილის ტირაჟირებით, რაც ძალიან აზარალებს საქართველოს საგარეო პოლიტიკას. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ტყუილის ტირაჟირებით ძალიან ზიანდება ქვეყანა და იმოქმედონ იმ სტანდარტებითა და წესებით, რაც ჟურნალისტიკაშია. ეს ტყუილები არის ერთდღიანი, ორდღიანი და საბოლოოდ ამას სხვა ეფექტი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყნის ინტერესები ზიანდება. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ შესაძლებლობა აქვთ, გადახედონ გადაწყვეტილებებს. მინდა, დავაფიქსირო, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის და დიალოგი პარტნიორებს შორის ურთიერთობების ერთ-ერთი გზაა. საუბარს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. გარდა ამისა, „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები