მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძალისხმევა არ დავიშუროთ სავაჭრო-სატრანზიტო კავშირების კიდევ გასავითარებლად" - ყაველაშვილი დიპლომატებს მიმართავს

ყაველაშვილი

დღევანდელი, მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, წლევანდელი წელი საქართველოსთვისაც რთული და გამოწვევებით სავსე იყო, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025“-ზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენი პრინციპული პოზიციის გამო, რომ საქართველო იცავს სუვერენიტეტს, საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის მისამართით მთელი რიგი დაუმსახურებელი ბრალდებები მოვისმინეთ. მოგვიწია გავმკლავებოდით არაერთ გამოწვევას და დავპირისპირებოდით იმ მასშტაბურ კამპანიებს, რომლებიც საქართველოს და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესით ნამდვილად არ იყო ნაკარნახევი.

ამგვარი გამოწვევების ფონზეც კი, სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები ადასტურებს, რომ თვლად და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო აძლიერებს და აღრმავებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს სხვა სახელმწიფოებთან.

„რა თქმა უნდა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ვაძლიერებთ და ვაღრმავებთ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კავშირებს როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ისე სახელმწიფოებთან, რომლებთან თანამშრომლობაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანი დადებითი შედეგების მომტანი იქნება საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, რომ როგორც საერთაშორისო დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ისე სახელმწიფოთაშორისი პროექტების განხორციელების პროცესში კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს მნიშვნელობა და როლი.

ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა.

ჩვენი საერთო მიზანია, საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცოს სამხრეთ კავკასიის მთავარი რეგიონული ჰაბის სტატუსი. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი უფრო დიდი გეოგრაფიული სივრცეების - აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ და მშვიდობიან ინტეგრაციას.

მოვუწოდებ თითოეულ თქვენგანს, ძალისხმევა არ დავიშუროთ სავაჭრო-სატრანზიტო კავშირების კიდევ გასავითარებლად. ეს არა მხოლოდ გლობალურ დაკავშირებადობას შეუწყობს ხელს, არამედ საქართველოს დაუბრუნებს თავის ისტორიულ, ცივილიზაციური გზაჯვარედინის ფუნქციას.

საქართველო არა მხოლოდ შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი კვანძია, არამედ უნიკალური ცივილიზაციური დიალოგის სივრცეა, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურები მშვიდობიანად თანაარსებობდნენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები