მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძირითადი გზავნილი იყო - „მოვედით ახალი გუნდი, დიდი პრობლემები დაგვხვდა, ახლა ვასწორებთ“ - მურმან მარგველაშვილი ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე

მურმან მარგველაშვილი

ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება - საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი განახლებადი ენერგიის პრობლემატიკის განხილვას აქვეყნებს, რომლითაც ეკონომიკის მინისტრის და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირების ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებთან გასულ კვირას გამართულ შეხვედრას აჯამებს. მისი შეფასებით, შეხვედრის შედეგად გამოჩნდა, რომ მთავარ გამოწვევად [ენერგეტიკის] სტრატეგიის და სტრატეგიული ხედვის ნაკლებობა რჩება.

მურმან მარგველაშვილი წერს, რომ ძირითადი გზავნილი იყო - „მოვედით ახალი გუნდი და დიდი პრობლემები დაგვხვდა ახლა ვასწორებთ“ (ანუ ძველი ხალხი იგივე გუნდი არ იყო).

ენერგეტიკოსი თავის განხილვაში შეხვედრაზე განხილულ 5 ძირითად საკითხს ასახელებს, რომლებზე მსჯელობისასაც უწყების ხელმძღვანელმა პირებმა და დარგის წარმომადგენლებმა გამოწვევები გამოჰყვეს და დააფიქსირეს.

ვრცელი ინფორმაციის შემდეგ მურმან მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე შეპირებისამებრ ანალოგიური შეხვედრა კიდევ გაიმართება, სადაც დარგის წარმომადგენლების მიერ დასმული კითხვების ნაწილს მაინც გაეცემა პასუხი.

  • რაზე ისაუბრეს და რა გამოიკვეთა ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლების ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას?

BM.GE მურმან მარგველაშვილის მიმოხილვას უცვლელად გთავაზობთ:

"5 სექტემბრის განახლებადი ენერგიის ასოციაციის შეხვედრას ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელობასთან ბოლომდე ვერ დავესწარი, თუმცა მაინც მინდა მოსმენილიდან გამოტანილი მოსაზრებები გაგიზიაროთ.

ეკონომიკის მინისტრმა მოსალოდნელზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად ინფორმაციის ნაკლებობისა (რაც საქმიანობის მცირე დროითაც აიხსნება) და პარტიული კუთვნილების დაღისა („ჩვენი გუნდი“ და ა.შ.), იგრძნობოდა სახელმწიფოებრივი და პროფესიული ხედვა. ძირითადი გზავნილი იყო - „მოვედით ახალი გუნდი და დიდი პრობლემები დაგვხვდა ახლა ვასწორებთ“ (ანუ ძველი ხალხი იგივე გუნდი არ იყო). ასევე გაგვაცნო ჩატარებული საქმიანობა და ახალი მიდგომები ენერგეტიკის. აქედან უდავოდ დასაფასებელია :

- ენერგეტიკული დიპლომატია: ჩატარდა მოლაპარაკებები თურქ და აზერბაიჯანელ მინისტრებთან (რაზეც წინა ენერგეტიკის და ეკონომიკის მინისტრები აშკარად მოიკოჭლებდნენ ) კონკრეტული შეთანხმებებია მიღწეული გატარების სიმძლავრეების გაზრდაზე;

- ენერგეტიკული საწარმოების ოპტიმიზაცია - მოხდა ზედმეტი (სავარაუდოდ „პოლიტიკური“) ხალხის გაშვება და, თუ არ მომესმა, თითქმის 100 მილიონის დაიზოგა რაც „ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და ენერგეტიკული უსაფრთხოების“ ამაღლების პრიორიტეტულ პროექტებში დაიხარჯება;

- გაცემული მემორანდუმების გადახედვა - მემორანდუმები ჩამოერთმევათ პროექტების გადამყიდველებს. მათგან ბევრს 10-15ჯერ აქვს ვადები გაგრძელებული და ბიუჯეტის დავალიანება მილიონობით ლარი აქვთ დაგროვილი. ამ პროცესში შეიძლება 3000 მეგავატამდე გაცემული სიმძლავრე გამოთავისუფლდეს რეალური ინვესტორებისთვის. ახალი აუქციონები უაზროდ არ გამოცხადდება სანამ გაირკვევა რეალური სურათი. (ცნობისთვის გაცემულია 11000მგვტ!!! ახალი სიმძლავრის მემორანდუმები, მაშინ როდესაც საქართველოს მთელი ენერგოსისტემა თავისი ენგურჰესიანად 5000მგვტ-ზე ნაკლებია. აქედენ უდიდესი უმრავლესობა მზის სადგურებზე.)

- ტრანზიტის ტარიფის გაჯანსაღება - გადაიხედა და გაიზარდა აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტარიფი, რის დადგენაც, საეჭვო საკანონმდებლო ცვლილებით, უმართებულოდ ადრე თავად ელექტროსისტემას მიანდეს. ეს ტარიფი ხელოვნურად იყო დაწეული და ბიუჯეტი მიზერულ შემოსავალს იღებდა ხოლო ჩვენს ხარჯზე სარგებელს მომწოდებელი და შუამავალი ტრანზიტის კომპანიები .

- საუბარი იყო ასევე სექტორის განვითარების ახალი ხედვის და სტრატეგიის შემუშავებაზე, რაზეც მინისტრის მოადგილემ ილაპარაკა და ენერგეტიკის განვითარების ფონდის ეგიდით უნდა წარიმართოს, თუმცა როგორც ჩანს ჯერჯერობით მხოლოდ წყლის რესურსების ოპტიმალურ გამოყენებაზეა და ცნობიერების ამაღლებაზეა ლაპარაკი.

შეხვედრაზე განხილული და გამოვლენილი გამოწვევების და ხარვეზები, საიდანაც მხოლოდ ნაწილს მოვიყვან:

1. ჰესების განვითარების პრობლემები: დიდი დრო დაეთმო მცირე და საშუალო ჰესების განვითარების პრობლემებს. დასახელდა ბიუროკრატიული ბარიერები და სირთულეები, გართულებული ფორმალური თუ არაფორმალური ურთიერთობები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოსახლეობასთან, გარემოსდამცველებთან, ადგილობრივ კრიმინალებთან თუ სასულიერო პირებთან. ამას ერთვის გადამყიდველი დეველოპერების მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქმედება და მთლიანი პროცესის დისკრედიტაცია. ჰესების (მათ შორის წყალსაცავიანის) მშენებლობის თემა ცალკე ვრცელ განხილვას საჭიროებს და აქ ამაზე ვერ დავკონკრეტდები.

2. წყლის რაციონალური გამოყენება: გაცემული პროექტები ზოგჯერ არაოპტიმალურია და შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული აუზის წყლის რესურსის არასათანადო გამოყენება. თუმცა როგორც გაირკვა მემორანდუმების გადახედვისას ამ პრობლემის აღმოფხვრა ვერ ხდება.

3. კადრები: ენერგეტიკულ კომპანიებს სხვადასხვა მიზეზით ტოვებს მაღალკვალიფიციური კადრები. ასევე სულ უფრო თვალნათელი ხდება სექტორში კვალიფიციური მმართველობითი კადრების დეფიციტი, რაც ზოგიერთი კომენტარიდან შეხვედრაზეც ჩანდა. მკაფიოდ გამოჩნდა მართვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ხარისხიანი(!!!) საუნივერსიტეტო პროგრამების და მეცნიერებასთან კავშირის საჭიროება, თუმცა ამის ჩამოყალიბებას ასევე ხარისხიანი მართვა ესაჭიროება.

4. დაგეგმვა და პრაქტიკა: თუ გადამყიდველებს ჩამოერთმევათ 3000 მეგავატი სიმძლავრის პროექტები, რჩება 8000 მეგავატი (ძირითადად მზის) გაცემული სიმძლავრე, ამის ნახევარიც რომ აშენდეს ქსელის შესაძლებლობებს ბევრჯერ აღემატება, რაც ნათლად აჩვენებს დაგეგმვასა და პრაქტიკას შორის დარღვეულ უკუკავშირს.

5. გამოჩნდა, რომ მთავარი გამოწვევად რჩება [ენერგეტიკის] სტრატეგიის და სტრატეგიული ხედვის ნაკლებობა:

ენერგეტიკის მთავარ გამოწვევად რჩება ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიული ხედვის არარსებობა და გადაწყვეტილებების პროფესიული უზრუნველყოფა. ამას განაპირობებს ნაწილობრივ უსაფრთხოების და ეკონომიკური სტრატეგიების არქონა, ნაწილობრივ დაგეგმვის, პოლიტიკის ანალიზის და უწყებათშორისი კოორდინაციის დაბალი დონე.

ელექტრული ქსელის 10-წლიანი განვითარების გეგმა, ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმა 2030 წლამდე, საქართველოს კლიმატური განაცხადი (NDC) და გრძელვადიანი დაბალემისიანი განვითარების სტრატეგია (LEDS) ვერ ანაცვლებს სტრატეგიას. ამის გამო:

- ბანკები პროექტებს არ აფინანსებენ ვინაიდან ვერ საბუთდება მათი საჭიროება;

- ვერ ხერხდება პროექტების მოწინააღმდეგეების დარწმუნება და მათი არგუმენტების განეიტრალება.

- რთულია სტრატეგიული ინვესტორების დაინტერესება

- რთულია საჯარო სექტორში შიგა და კერძო სექტორთან თანამშრომლობა.

ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებით დამაზიანებელია სწრაფად ცვალებადი გარემოში, სადაც კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტი, უსაფრთხოების და ეკონომიკური დინამიკა და რეგიონული თუ გლობალური აქტორების გაზრდილი აქტივობა მკვეთრად ზრდის მოთხოვნებს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართ.

სამომავლო ტესტები

დაანონსებული ქმედებები და ცვლილებები აშკარად გაჯანსაღებისკენ მიმართულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუმცა პრობლემების მხოლოდ ნაწილს ფარავს. მთავარი სამომავლო ტესტი კი ის არის თუ რამდენად ბოლომდე მოხდება ხსენებულ სფეროებში, გაკვეთილების გამოტანა და სისტემური ცვლილებების გატარება რაც მომავალში გადაცდომებს აგვარიდებს. ხომ არ მოხდება მხოლოდ კოსმეტიკური ერთჯერადი ცვლილებები და მეისრეზე გადაბრალება. ამას გამოაჩენს:

- მოხდება თუ არა GREDA-ს კანონპროექტის გატანა, და პროექტებიდან ადგილობრივ ბიუჯეტის გაზრდა, რაც ადგილობრივი თემებს გააძლიერებს და მათ კეთილდღეობას გაზრდის და ენერგეტიკულ პროექტებს გზას გაუხსნის

- გაირკვევა თუ არა საჯარო უწყებებში 100 მილიონის ფლანგვის რეალური მექანიზმები და მოხდება თუ არა მათი სისტემური შეფასება, თუ ერთეულ პიროვნებებს დაბრალდება;

- გაირკვევა თუ არა ელექტროსისტემის გადაცემის ტარიფის დასაწევად როგორ მოხდა სემეკის უფლებამოსილების გადაცემა და ვინ სარგებლობდა ამ შეღავათებით. გადაიდგმება თუ არა ნაბიჯები სემეკის უფლებამოსილების და დამოუკიდებლობის აღსადგენად ამ სფეროში?

- დაიწყება თუ არა საკადრო დეფიციტის დაძლევა, მაღალპროფესიული კადრების მოზიდვით და მათთვის დამოუკიდებლობის მიცემა? გადაიდგმება თუ არა რაიმე ნაბიჯები ენერგეტიკული საუნივერსიტეტო განათლების საერთაშორისო დონეზე გასაყვანად თუ ისევ ძველი სტანდარტებით და კადრებით გაგრძელდება წყლის ნაყვა.

- გადაიდგმება თუ არა ნაბიჯები ენერგეტიკული პოლიტიკის დასაკავშირებლად ანალიტიკური და დაგეგმვის პროცესებთან, რამაც უნდა მიგვიყვანოს რეალურ სტრატეგიამდე. აქ ხშირად ვიმეორებ, რომ ენერგეტიკაში პოლიტიკის ანალიზსა და დაგეგმვაზე დახარჯული 1 ლარი 10 წელიწადში 500(!!!!) ლარს იძლევა.

და ბოლოს - მადლობა GREDA-ს და ყველა მონაწილეს საინტერესო და სასარგებლო შეხვედრისთვის, რომელიც კარგ პრეცედენტს აჩენს კიდევ უფრო ფართო მსჯელობისთვის. ენერგეტიკა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე აქ განხილული საკითხები. იმედია, დაპირებისამებრ წლის ბოლომდე მსგავსი შეხვედრა კიდევ გამეორდება და აქ დასმული შეკითხვებიდან ზოგიერთზე მაინც გამოჩნდება პასუხები".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები