მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძირითადი გზების 80 % არის უკვე გაწმენდილი - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

მთავრობა
28.02.25 11:17
404

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ძირითადი გზების 80% უკვე გაწმენდილია, გაზმომარაგების ნაწილში კი დღეს უკეთესი დინამიკა და შედეგები იქნება. ამის შესახებ მან გურიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჯამში, სტიქიის დაწყების დროს, 35 000 აბონენტზე იყო დაზიანება, გუშინ დღის ბოლოს კი 29 000-მდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია. ასევე გაზიფიცირება აღუდგა დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც დავალებები გაიცემა შტაბის შეხვედრებზე დღის დასაწყისში და დღის ბოლოს ვიბარებთ ანგარიშს. სერიოზული პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, ჯამში, სტიქიის დაწყების დროს, 35 000 აბონენტი იყო გათიშული. გუშინ, დღის დასაწყისში, 24 000-ზე მეტი აბონენტი უკვე იყო ჩართული, დღის ბოლოს კი ამას დაემატა 4 800 აბონენტი. კარგად მივდივართ ამ მიმართულებით.

ასევე, ძირითადი გზების 80 % არის უკვე გაწმენდილი, ეს არის მუნიციპალური გზები. დღეს კიდევ უკეთესი შედეგი გვექნება. ასევე, ძალიან ბევრ სოფელში მივედით სოფლის ცენტრამდე, საიდანაც შესაძლებელია, რომ უშუალო კომუნიკაცია მოხდეს უკვე მოსახლეობასთან, საჭიროების შემთხვევაში სურსათისა და მედიკამენტების მიწოდება მათთვის. გაიცა კონკრეტული დავალებები, დასახულია გეგმა. გაზმომარაგების ნაწილში, 1 300 აბონენტი იყო გათიშული და ნახევარზე მეტი უკვე აღდგენილია. ამ მიმართულებით, დღეს, უკეთესი დინამიკა და შედეგები გვექნება და ყველა ის რესურსი, რომელიც არსებობს მობილიზებულია. მთავარია, ვმოქმედებთ სწორი კოორდინაციისა და სწორი მართვის პირობებში“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული 10 000 ყუთის დასარიგებლად ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში შესაბამისი ბაზებია მოწყობილი, საიდანაც ლოგისტიკური მომსახურება ხორციელდება.

„ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, სამივე მუნიციპალიტეტში. 4 000 ყუთია განკუთვნილი ოზურგეთისთვის, ხოლო 3000 ჩოხატაურისთვის და 3000 ლანჩხუთისთვის. თუ საჭიროება იქნება, დაემატება რაოდენობა, შესაბამისად, ამ მხრივ პრობლემა გვაქვს. ეს პროდუქტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე გვაქვს დიდი რესურსი მედიკამენტების მიმართულებითაც. მოწყობილი გვაქვს ბაზები 6-7 ლოკაციაზე, საიდანაც ხდება ლოგისტიკური მომსახურება,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები